ხუცაუ-ძუარი
ხუცაუ-ძუარი („ღვთაების სამლოცველო“) — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ დვალეთში. მდებარეობს სოფლების фალლაგ-ქომისა და რეგახის სიახლოვეს, ფერდობზე.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლი დარბაზული ტიპისაა, შემორჩენილია ნანგრევების სახით. გარს ევლება ფიქლით ნაგები ოთხკუთხა ზღუდე. იქვე შეინიშნება სამარხთა კვალი. ეკლესია დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ხაზზე. ძირითადად ნაგებია ფიქლით, თიხის ხსნარით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია დამუშავებული ტუფის ქვაც. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში დატანებულია დამრეცრაფიანი სარკმლები. ნახევარწრიული აფსიდა დარბაზისაგან საფეხურითაა შემაღლებული. ოთხკუთხა ნიშები მოწყობილია აფსიდის სარკმლის ორსავე მხარეს (ჩრდილოეთ ნაწილში ორი, ხოლო სამხრეთ ნაწილში — ერთი ნიში). პატარა ნიშები დატანებულია დარბაზის სამხრეთ კედელსა და გარედან დასავლეთის კედელში.
ხუცაუ-ძუარის ზუსტად დათარიღება ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით ჭირს. იგი, სავარაუდოდ, დვალეთის ტერიტორიაზე საქართველოს საერო და სასულიერო მესვეურთა მიერ აგებული ეკლესიების — ზრუგის ხოზიტა მად-მაირამის, სოფელ თლის, სოფელ ნარის შემდეგ აშენებული პატარა სამლოცველოა. სოფლებში გავრცელებული მცირე ეკლესიებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ძეგლი შესაძლებელია, შუაფეოდალური ხანით (XI-XIII საუკუნეები) დათარიღდეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი ღამბაშიძე, „ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში“, „საბჭოთა ხელოვნება“, №3, თბ., 1976