ხიმშის ეკლესია
ხიმშის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. XI საუკუნის ძეგლია. წმინდა გიორგის ერთნავიანი თეთრი დარბაზული ეკლესია სოფელ ხიმშის განაპირას, სამხრეთის ფერდობზე, სასაფლაოზე მდებარეობს.
იგი შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში, სააღრიცხვო ნომერია 2610.
XI საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის და კირქვის კვადრებით — სამხრეთის ფასადზე და ინტერიერში გამოყენებულია კლდოვანი ქანების ფლეთილი ქვის წყობა. დუღაბი დამზადებულია კირის ხსნარზე. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი — დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ინტერიერი ნათდებოდა ოთხი სარკმლიდან — აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და 2 სამხრეთიდან. სწორკუთხა ნაგებობას, ინტერიერში, აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევრწრიული აფსიდი აქვს. მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადები. ამ ფასადებზე არის ქვაზე კვეთილი და საღებავით შესრულებული ჩუქურთმა-ორნამენტები და წარწერები. ძეგლი აღდგენილია მიწისძვრის შედეგად დაზიანების შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხიმშის ეკლესია დაარქივებული 2019-08-16 საიტზე Wayback Machine.