ხიმშია აბაზასძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაზასძე.

ხიმშია აბაზასძე, ხამშათემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ფეოდალი. ხიმშია და „ხიმშიას (ხამშას) ხეობა“ მოხსენიებულია ქართულსა და სპარსულ ისტორიულ წყაროებში 1399 ზამთარში ჰერეთ-კახეთის წინააღმდეგ თემურლენგის ლაშქრობის ამბებთან დაკავშირებით.

ხიმშიას ვინაობა წყაროებში გაურკვეველია. ფ. გორგიჯანიძის მიხედვით, ხიმშია კახეთისა და შაქის ლაშქრით საომრად მიეგება კახეთს შესეულ თემურლენგს. ზოგიერთი ისტორიკოსი (აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი, მირხონდი) აზრით, იგი ქართველი სარდალია; ხონდემირის ცნობით კი, ხიმშია ხამშა ხეობის (სავარაუდოა სოფელ და ტაძარ ხიმშის მიდამოები) გამგებელი ყოფილა. თემურლენგის ლაშქარს მოუთარეშებია ხიმშას ხეობა, აქედან გადასულა ალაზნის აუზში და ხიმშიას დევნა-ძიებით მისულა მდინარე აღსუმდე, რომელიც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვრად ითვლებოდა.

თემურლენგთან მებრძოლი ხიმშია გაიგივებულია 1405 წ. მოხსენიებულ ხიმშია აბაზასძე-მარილელთან. როგორც ჩანს, ხიმშია აბაზასძეთა იმ შტოს მიეკუთვნებოდა, რომელიც ქართლიდან კახეთში გადასახლდა და მარილისის ხეობაში დამკვიდრდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]