ხაშმის ნაგებობების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაშმის ნაგებობების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ჩრდილოეთით, ხუთიოდე კილომეტრზე. ლაფიანიხევის მარჯვენა ნაპირზე. ხაშმის ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით, 100 მეტრის მოშორებით. კომპლექსი გაშენებულია ვაკეზე. მასში შედის სასახლე, კოშკური ტიპის ნაგებობა და სხვადასხვა დანიშნულებების მქონე შენობების ნაგებობების ნანგრევები. ნაგებობები ჯგუფურად არის განლაგებული. ისინი დაახლოებით ერთი პერიოდისაა და თარიღდებიან გვიანდელი შუა საუკუნეებით.

სასახლე ორსართულიანია. აშენებულია ერთმანეთზე დადგმული ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთს წყობით არ უკავშირდებიან. ორივე ნაწილი გვერდით ოთხკუთხაა და ორივე მათგანი კირის დუღაბითა და ნატეხი ქვებითაა ნაგები. წყობები არაწესიერია. ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული, ჩამონგრეულია გადახურვები, პირველი სართულების დიდი ნაწილი ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული, ინტერიერებში ამოსულია ხეები.

სასახლის სამხრეთით მდებარე ნაწილი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. ჩრდილოეთით მდებარე ნაწილი თითქმის კვადრატულია. ორივე ნაწილის ზედა და ქვედა სართულები ერთმანეთთან თითო-თითო კარითაა დაკავშირებული.

სასახლის სამხრეთ ნაწილის ქვედა სართულში შემოსასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარი შიგნიდან ხის ძელებით, თარაზულად ყოფილა გადახურული. კარის ჩრდილოეთით ოთხკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმლები დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიცაა გაჭრილი. ჩრდილოეთ კედელში კარია, რომელიც ჩრდილოეთიდანვე მიდგმულ შენობის ქვედა სართულში გადის. კარის მარჯვნივ მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია.

მეორე სართულის შესასვლელიც აღმოსავლეთ კედელშია, კედლის ჩრდილოეთ ბოლოსთან. კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნიდან კი ხის თარაზული გადახურვა აქვს. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია დატანებული. კარის გარდა აღმოსავლეთ კედელში ორი ოთხკუთხა სარკმელი და სამი კვარდატული ნიშია. ჩრდილოეთ კედელში ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული კარია, რომელიც სართულს ჩრდილოეთიდან მიდგმული შენობის მეორე სართულთან აკავშირებს. კარის ზემოთ ორი კვადრატული ნიშია. თავად სართული გადახურული იყო კამარით. სართულშუა გადახურვა გამართული ყოფილა ხის კოჭებზე.

სასახლეს სამხრეთიდან ეკვროდა ნაგებობა, რომლსაგანაც მხოლოდ ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. სასახლის ჩრდილოეთ ნაწილის ქვედა სართულში შესასვლელიც აღმოსავლეთიდანაა, კარი თარაზულადაა გადახურული. კარის თავი თითქმის ჯერის დონეზეა. როგორც ჩანს ეს სართული დადაბლებულ პროპორციებში იყო გადაწყვეტილი.

მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიული ბუხარია, რომელის ზურგიც მთლიანად კედელის ხაზს გარეთაა გასული და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ჩრდილოეთ კედელში პატარა, ოთხკუთხა სარკმელია. სარკმლის აქეთ-იქით კი, იმავე დონეზე, პატარა, ოთხკუთხა ნიშებია. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში პატარა, ოთხკუთხა სარკმელია. შიგნით კედლების ზედაპირი გასწორებულია თხელი ბათქაშით. სართული გადახურული იყო რიყის ქვით ნაწყობი კამარით.

სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოციოდე მეტრზე, ნაგებობის ნანგრევებია, რომლის გეგმის და დანიშნულების დადგენა, გათხრა-ფასუფთავების გარეშე, არ ხერხდება. შემორჩენილია ერთმანეთისაგან კაპიტალური კედლით გამიჯნული, ორი ოთახის კედლების ნაწილები. ოთახები ერთმანეთთან კაარით იყო დაკავშირებული, რომელიც გამმიჯნავი კედლის შუაში იყო გაჭრილი. კარი ერთ-ერთი ოთახის მხრიდან შეისრულთაღოვანია, მეორე ოთახის მხრიდან კი თარაზულად იყო გადახურული. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. კედლები მთლიანად რიყის ქვისაა. აგური გამოყენებულია არქიტექტურული ელემენტების წყობაში. სამხრეთით მდებარე ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებიში ერთმანეთის პირდაპირ, ორ-ორი, ოთხკუთხა ნიში და თითო სარკმელია. სარკმელი კედლის ზედა ნაწილშია, ნიშები კი ქვედა ნაწილში. ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები სიგრძით ერთმანეთის ტოლია. ორივე კედლის სამხრეთ ბოლო, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, სწორია და მოზრდილი ზომის რიყის ქვებითაა ამოყვანილი.

ჩრდილოეთით მდებარე ოთახის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ოთახის აღმოსავლეთ კელდლის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ოთახის აღმოსავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ოთხკუთხა. მცირედ შეღრმავებული ნიშია. თითო მსგავსი ნიშია ოთახის სამხრეთ კედელში, კარის ორივე მხარეს.

ორივე ოთახი ბრტყელი ჭერით იყო გადახურული. ოთახების გამმიჯნავ კედელში გადახურივის კოჭების საყრდნების ბუდეებია. ძნელია ითქვას ჰქონდა თუ არა მეორე სართული ნაგებობას.

კოშკური ტიპის ნაგებობა დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას. ესაა რიყის ქვით და კვადრატული აგურით ნაშენი, მოზრდილი, ორსართულიანი შენობა, რომელის ქვედა სართული განიერი, შეისრულთაღოვანი გასასვლელია, ზედა კი განცალკევებული სადგომი. ქვედა სართული გარეთკენ მთლიანადაა გახსნილი. ეზოს მხარეს კი ოდნავ ვიწრო და დაბალი, შეისრული თაღია, რომელიც ფასადის მხრიდან საფეხურით შეღრმავებულ, ოთხკუთხა არეშია ჩასმული. გარედან, მსგავს არეშია ჩასმული გასასვლელის მეორე თაღიც. გასასვლელის კედლებში, სიმეტრიულად, განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლისა და სიღრმის, შეისრული თაღით დასრულებული თითო ნიში. დაბალი ნიშები მაღალ ნიშებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო ღრმაა. მაღალი ნიშების თაღები საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია მოქცეული. გასასვლელის კამარა, ყველა თაღი და შეღრმავებული არეები გამოყვანილია აგურით.

ნაგებობის მეორე სართულიდან კედლების მცირე ნაწილებიღაა დარჩენილი. კედლებზე ამოსულია მცენარეულობა, რის გამოც ამ სართულის სართულის სტრუქტურის ზუსტად დადგენა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

შენობას ჩრდილოეთიდან მიშენებილი აქვს რიყის ქვით ნაგები, მასიური კედელი, რომელიც შესაძლოა გალავნის ნაწილსაც კი წარმოადგენდეს, რომლისაგანაც კვალიც კი აღარაა დარჩენილი. როგორც ჩანს კედლის ამ ნაწილში შენობის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო მოწყობილი.

კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაგებობის ნაშთი შეიძლება.

ვახუშტი ბაგრატიონი თავის საისტორიო ნაშრომში, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, მდინარე იორის ხეობის აღწერისას აღნიშნავს: „იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათვის“. სავარაუდოა რომ ვახუშტი ბაგრატიონი სწორედ რომ ამ სასახლეს აღწერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]