ჭილურტის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭილურტის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 300 მეტრზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. გალავანშემოვლებულ მცირე ფართობის ბაქანზე დგას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები ორსართულიანი შენობა. გალავანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გეგმით კვადრატია, შენობის ორივე სართულზე თითო სწორკუთხასაკურთხევლიანი დარბაზული ეკლესიაა. შესასვლელი პირველ სართულზე დასავლეთიდანაა. მეორეზე სამხრეთიდან. ორივე კარი არქიტრავიანია. ორივე ეკლესიის დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, ხოლო საკურთხეველი - კონსოლებზე დაყრდნობილი კონქით. პირველ სართულზე აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ, კედელზე ტრაპეზია მიშენებული. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კონსოლებზე მოწყობილი თაროა. დარბაზის იატაკი კარის ზღურბლზე ორი საფეხურით დაბლაა. მეორე სართულზე აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. შენობის ლავგარდანი თაროსებრია და ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სახურავი ფიქლისაა, ორფერდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]