წიწმატიანის სერის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს წიწმატიანის სერის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მდინარის ივრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით საკმაოდ დიდ მანძილზე გადაჭიმულ სერზე. ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლოგირმა ექსპედიციამ (ხელმძღაველი კ. ფიცხელაური). აღმოჩნდა ოთხი ნამოსახლარი, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის I ნახევრით თარიღდება.

ერთ-ერთი ნამოსახლარი (სიგრძე — 100 მეტრი, სიგანე შუა წელში — 30-40 მეტრი) სერის თხემზეა გამართული. მას ერთი საკმაოდ ღრმა, განიერი და შედარებით ვიწრო ორი თხრილი შემოსდევს. ნამოსახლარის უსწორმასწორო ზედაპირის ცენტრში შეიმჩნევა ერთი მაღალი ბორცვი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე - ზღუდის გარე დასახლება.

მეორე ნამოსახლარი (სიგრძე - 120 მეტრი, სიგანე შუა წელში 80 მეტრამდე) პირველისგან აღმოსავლეთით 300-350 მეტრზე მდებარეობს. მას ორი განიერი და შედარებით ვიწრო ერთი თხრილი შემოსდევს. სამივე თხრილი აღმოსაველთ თხემზე მთავრდება. წრიული (პერიმეტრი - 15-20 მეტრზე) ჩავარდნებით. ღელეების შორის ფერდობზე, რომლებიც მდინარე ივრისკენაა დაქანებული, კარგად ჩანს ზღუდის გარე, ტერასული დასახლების კვალი, ასეთივე დასახლება ჩანს ნამოსახლარის აღმოსავლეთ მონაკვეთში, სერის გაგრძელებაზე. მესამე წრიული ფორმის ნამოსახლარი (სიგრძე - 100 მეტრი, სიგანე - 60 მეტრი) მდებარეობს მეორის აღმოსავლეთით 2-2,5 კილომეტრზე, შემოსდევს ერთი ხელოვნური თხრილი. სარწყავი არხის მშენებლობისა და სხვადასხვა დროს ამოღებული ორმოების გამო, ძეგლის სამხრეთი მხარე (ძეგლის 1/4 ნაწილი) მთლიანად განდგურებულია.

მეოთხე ოვალური ნამოსახლარი (სიგრძე — 200 მეტრი, სიგანე — 80 მეტრი) მესამის აღმოსავლეთით, 2-2,5 კილომეტრზე, სერის ჩრდილოეთ ფერდზე, ორ მშრალ ღელეს შორის მდებარეობს. მას მოსდევს საკმაოდ განიერი ერთი და შედარებით ვიწრო ორი თხრილი.

ოთხივე ნამოსახლარზე ზედაპირული მასალა ძალიან მწირია. მოპოვებულია თიხის რამდენიმე ჭურჭლის ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]