შინაარსზე გადასვლა

წითელი ქმერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ პოტი
წითელი ქმერების მსხვერპლთა თავის ქალები

წითელი ქმერები — შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში.

მოძრაობა შეიქმნა 1968 წელს პოლ პოტის ინიციატივით და აერთიანებდა 30 000 ადამინიანს. ფართო სოციალური ბაზა მოძრაობას შეექმნა 1970 წელს, როდესაც ვიეტნამთან ომის დროს აშშ-ის ჯარის შენაერთებმა კამბოჯის ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერაცია, რასაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ მოძრაობა შეავსეს მეტწილად 12–13 წლის ობოლმა ბავშვებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ამერიკელთა მოყვარე“ ქალაქელი თანამემამულეების სიძულვილით.

1975 წელა პარტიზანებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, რომლის დროს სხვადასხვა წყაროს მიხედვით დაიღუპა 1–3 მილიონი ადამიანი. რეჟიმის მიხედვით აიკრძალა დამწერლობა, ფული, უცხო ენები. მთელი ქვეყანა გარდაიქმნა სამუშაო სასოფლო-სამეურნეო კომუნებად 18–20 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკით. სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი დაუმორჩილებლობა (მაგალითად, შვილის გაჩენა კომუნის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე). კამბოჯას გადაერქვა სახელი და ეწოდა „დემოკრატიული კამპუჩია“. ქვეყანამ კონტაქტი გაწყვიტა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთისა და იუგოსლავიის გარდა. ქვეყნის მმართველთა (პოლ პოტი, იენგ სარი, ქიეუ სამფანი) სახელები და პორტრეტები მოსახლეობისგან დაფარული იყო.

არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანა მალე დაეცა. ბიუჯეტის შესავსებად დაიწყო ომი ვიეტნამის წინააღმდეგ, თუმცა ვიეტნამის ჯარმა ადვილად მოიგერია აგრესია და მალევე კონტრშეტევაზე გადავიდა, რასაც ხელს უწყობდა „წითელი ქმერების“ რიგი დაჯგუფებების მათ მხარეს გადასვლა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლპოტელი ხენგ სამრინი პრო-ვიეტნამური მთავრობის სათავეში ჩადგა.

ვიეტნამელი ინტერვენტების მიერ მათი დამარცხების შემდეგ, „წითელმა ქმერებმა“ დაიწყეს პარტიზანული ბრძოლა ხენგ სამრინისა და ხუნ სენის მთავრობის წინააღმდეგ. ქმერების მოძრაობა აშშ-ის ხელშეწყობით მიმდინარეობდა, რომლებიც პარტიზანებში ვიეტნამის საპირწონეს ხედავდნენ. ქმერები აშშ-ისგან იღებდნენ იარაღს, სანაცვლოდ კი დაუმუშავებელ ძვირფას ქვებს აწვდიდნენ.

1998 წელს პოლ პოტის გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა დაიშალა. მოძრაობის ფორმალური ლიდერი ქიეუ სამფანი ფაქტობრივად ძალაუფლების გარეშე დარჩა და ახლა მარტოობაში ცხოვრობს. აჯანყებულთა მცირერიცხოვანი ფორმირებები (2–3 ათასი ადამიანი) აგრძელებდნენ პარტიზანულ ომს, თუმცა ცოტა ხნის წინ მათი ახალი ლიდერი იენგ სარი კამბოჯის ხელისუფლებას დაუზავდა, რომლითაც აღიარა მთავრობის კონტროლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე. წითელი ქმერები ბოლო რადიკალური საველე მეთაური ტა მოკი 2000 წლის მარტში დააპატიმრეს. მისი დაჯგუფების წევრები ახლაც ტყეს აფარებენ თავს და ხე–ტყის მასალისა და ძვირფასი ქვების კონტრაბანდით საქმიანობენ. ამ ომის შედეგად კამბოჯის ტყეებში 8 მილიონამდე გაუნებელყოფილი ნაღმია დარჩენილი.

  • David P. Chandler: Brother Number One: A Political Biography (Westview Press 1999); ISBN 0-8133-3510-8
  • David P. Chandler: Facing the Cambodian past: Selected essays, 1971–1994 (Silkworm Books 1996); ISBN 974-7047-74-8.
  • David P. Chandler, Ben Kiernan etc.: Revolution and Its Aftermath in Kampuchea: Eight Essays (Yale University Press 1983); ISBN 0-938692-05-4.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: