ცხენისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხენისებრნი

პრჟევალსკის ცხენი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Equidae

ცხენისებრნი (ლათ. Equidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 200-280 სმ, კუდისა — 40-50 სმ, სიმაღლე მინდაოში — 110-146 სმ, მასა 120-350 კგ აღწევს. შინაური ჯიშების ზომა და მასა გაცილებით მეტია. აქვთ მაღალი კიდურები, რომლებიც თითო თითით ბოლოვდება, ტიტველი დინგი, კისერზე — ფაფარი, კუდზე — ძუა, სხეულის შეფერილობა მეტწილად ერთფეროვანია, ზოგი — ჭრელია. გავრცელებული არიან ფართოდ. ბინადრობენ სტეპებში, სავანებში. მაკეობა გრძელდება 12-13 თვემდე. შობენ თითო ნაშიერს. სქესობრივად მწიფდებიან 2-3 წლისა. ცხენისებრნთა რაოდენობა ძალზე შემცირებულია. ზოგი (ტარპანი, კვაგა) ამოწყვეტილია. ცხენისებრნი ამჟამად წარმოდგენილია ერთი გვარის 7 სახეობით: პრჟევალსკის ცხენი, ზებრა, კანჯარი და სხვა. ცხენისებრნთა ისტორია კარგად არის შესწავლილი ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ბინადრობდნენ ადრინდელი ეოცენიდან გვიან პლიოცენამდე. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ცხენისებრნი გავრცელდნენ ჩრდილოეთ ამერიკიდან ადრე მიოცენში, გვიანდელ მიოცენში და გვიანდელ პლიოცენში. ცხენისებრნთა განვითარების ისტორიას მიეძღვნა ვლადიმერ კოვალევსკის კლასიკური გამოკვლევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 250.
  • Ковалевский В. О., Собрание научных трудов, т. 2, М., 1956;
  • Основы палеонтологии. Млекопитающие, М.,1962;
  • Simpson G. G., Horses, N. Y., 1951.