ციტოკინეზი
ციტოკინეზი — ევკარიოტული უჯრედის სხეულის გაყოფა. გაყოფის პირველი ნიშანი არის გაყოფის ღარის — ვიწრო არხის გაჩენა უჯრედის ზედაპირზე. უწინდელი მეტაფაზური ფირფიტის ახლოს, არხის ციტოპლაზმურ ზედაპირზე განლაგებულია აქტინის მიკრობოჭკოების კონტრაქტული რკალი, რომელიც დაკავშირებულია ცილა მიოზინის მოლეკულებთან. აქტინის მიკრობოჭკოები ურთიერთქმედებს მიოზინის მოლეკულებთან, რაც იწვევს რკალის შეკვრას. გაყოფის ღარი ღრმავდება, სანამ დედისეული უჯრედი იმდენად არ გადაიჭიმება, რომ გაიყოს ორ ნაწილად, ორ დამოუკიდებელ უჯრედად - საკუთარი ბირთვით, თავისი წილი ციტოზოლითა და ორგანელებით.
მცენარეულ უჯრედებში, რომელთაც უჯრედის კედელი აქვთ, ციტოკინეზი განსხვავებულია. აქ გაყოფის ღარი არ ვითარდება. თუმცა ტელოფაზაში გოლჯის აპარატში წარმოქმნილი ბუშტუკები უჯრედის ცენტრისაკენ მიკრომილაკების გასწვრივ გადაადგილდება, ერთიანდება და წარმოქმნის უჯრედის ფირფიტას. შემდეგ უჯრედის ფირფიტა იზრდება, მასზე ერთიანდება უჯრედის კედლის მასალა, რომლის გადატანა ხდება ბუშტუკებით. იგი მატულობს მანამ, სანამ გარემომცველი მემბრანა არ შეერწყმება პლაზმურ მემბრანას უჯრედის მთელს პერიმეტრზე. შედეგად მიიღება ორი დამოუკიდებელი შვილეული უჯრედი საკუთარი პლაზმური მემბრანით, რადგან ამასობაში უჯრედის ფირფიტის შემადგენელი ნაწილებისგან განვითარებული ახალი უჯრედის კედელი ჩამოყალიბებულია ორ შვილეულ უჯრედს შორის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 282. თბ., 2009 წელი.