შინაარსზე გადასვლა

ჩირდილის წმინდა გიორგის ჯვარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩირდილის წმინდა გიორგის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირდილის ქვემოთ, წიფლის ტყეში. ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, საკოდე, საზარე და საქვაბე. დარბაზი რიყის ქვით მშრალად ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც სამი მხრიდან სანახევროდ მიწაშია ჩადგმული. სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შესასვლელის წინ ტერიტორია მოტკეპნილია და ყორითაა შემოვლებული. კარის გვერდით, კედელზე, მიდგმულია ფიქლის მოგრძო სკამი. დარბაზის შუაში კერაა მოწყობილი, რომლის ზემოთ რკინის ჯაჭვი კიდია. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილო კედლების გაყოლებაზე ხის სკამებია, კედლებში თახჩებია დატანებული. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილი საკოდეა. დარბაზი გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. საზარე დარბაზის ჩრდილოეთითაა. ესაა ფიქლით მშრალად ნაშენი კოშკისებრი მასიური ნაგებობა. მისი ზედა ნაწილი ფანჩატურია, მასში ზარი კიდია. საზარის მახლობლად კიდევ რამდენიმე კოშკისებრი ნაგებობა დგას. საქვაბე რიყის ქვითაა ნაგები - მშრალად, გეგმით ოთხკუთხაა. დარბაზის მსგავსად ისიც სამი მხრიდან სანახევროდ მიწაშია ჩადგმული და გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. აქვეა გაჭრილი პატარა სარკმელი. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის მეორე მხარეს ასეთივე პატარა სარკმელია. საქვაბის შუაში, ორ ბოძს შუა, ცეცხლის დასანთები კერაამ მის ზემოთ საკვამლეა მოწყობილი. კედლებში დატანებულია თახჩები. სამხრეთ კედელთან ხისა და მიწაყრილისგან გაკეთებული მაღალი საწოლი დგას. დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვებით შემოზღუდული ნაგებობის ნაშალია.