ჩინეთის რევოლუცია (1925-1927)
ჩინეთის რევოლუცია — დაუმთავრებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია, რომლის ამოცანა იყო იმპერიალისტური ჩაგვრისა და ჩინეთის ეკონომიკურ-პოლიტიკურ წყობაში გაბატონებული ნახევრად ფეოდალური წესების მოსპობა. ერთი მხრივ პირველი მსოფლიო ომის (1914-18) შემდეგ ჩინელ ხალხსა და იმპერიალიზმს შორის წინააღმდეგობის გამწვავებამ, მილიტარისტულმა ომებმა, მშრომელთა ჩაგვრის გაძლიერებამ, და მეორე მხრივ, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გავლენამ ჩინელი მოსახლეობის ფართო ფენებში რევოლუციური სულიკვეთება ჩანერგა. სამხრეთ ჩინეთში, სადაც 1923 წლის თებერვალში სუნ იატსენის გუანჯოუს მთავრობა არსებობდა, ეროვნულ-დემოკრატიულმა ძალებმა დიდი წარმატებები მოიპოვეს: ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და გომინდანის თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა ერთიანი ეროვნული ანტიიმპერიალისტური ან ანტიმილიტარისტული ფრონტი; სსრკ-ის დახმარებით საფუძველი ჩაეყარა რევოლუციურ არმიის ბირთვს, გუანდუნში კონტრრევოლუციური ძალები დამარცხდნენ, დაიწყო მუშათა და გლეხთა მოძრაობის აღმავლობა. ყოველივე ამან ბიძგი მისცა უშუალოდ რევოლუციური სიტუაციის მომწიფებას, რაც შანხაიში „ოცდაათი მაისის“ მოძრაობის (1925 წლის 30 მაისი) შემდეგ რევოლუციაში გადაიზარდა, მისი მამოძრავებელი ძალები იყო მუშათა კლასი, გლეხობა, ქალაქის წვრილი ბურჟუაზია და ეროვნული ბურჟუაზია, რომელიც რევოლუციურ მსვლელობაში ისწრაფოდა მასები თავისი გავლენისთვის დაემორჩილებინა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„30 მაისის მოძრაობისა“ და ჩრდილოეთის ლაშქრობის მომზადების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ოცდაათი მაისის მოძრაობისა“ და ჩრდილოეთის ლაშქრობის მომზადების პერიოდში (1925 წლის 30 მაისი-1926 წლის 9 ივლისი) დიდი გაქანება მიიღო მუშათა საგაფიცვო მოძრაობამ და ანტიიმპერიალისტურმა გამოსვლებმა, რამაც ნიადაგი მოუმზადა ეროვნულ რევოლუციური არმიის (ერა) ლაშქრობას ჩრდილოეთით მილიტარისტთა წინააღმდეგ. 1925 წლის 1 ივლისს გუანჯოუს მთავრობა ჩინეთის რესპუბლიკის ეროვნულ მთავრობად გარდაიქმნა, რომელმაც თავისი ძალაუფლება გაავრცელა გუანდუნის, გუანსისა და გუიჯოუს პროვინციებზე.
ჩრდილოეთის ლაშქრობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთის ლაშქრობის პერიოდში (1926 წლის 9 ივლისი-1927 წლის 12 აპრილი) ჩინეთის რევოლუციურმა ძალებმა დიდი წარმატება მოიპოვეს, ერა-ის ლაშქრობა ჩრდილოეთისაკენ და მასობრივი ანტიიმპერიალისტური და ანტიმილიტარისტული დიდ გაქანებას მოჰყვა სამხრეთ და ცენტრალური ჩინეთის განთავისყფლება მილიტარისტებისაგან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგებისა და გავლენის შეუჩერებელი ზრდა და რევოლუციური გაღრმავება. ამან დააშინა ეროვნული ბურჟუაზია, რომელმაც უღალატა რევოლუციას. იმპერიალისტური და მილიტარისტული ძალების ზემოქმედებით ეროვნული ბურჟუაზიის მხარდაჭერით 1927 წლის 12 აპრილს ჩან კაიშიმ და მისმა მომხრეებმა შანხაიში მოახდინეს კონტრრევოლუციური გადატრიალება.
ცენტრალურ ჩინეთში რევოლუციის გაგრძელების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალურ ჩინეთში რევოლუციის გაგრძელების პერიოდში (1927 წლის 12 აპრილი-15 ივლისი) ხუბეის, ხუნანის, ძიანსის და ნაწილობრივ ხენანის პროვინციებში ხელისუფლება დარჩა უხანის ეროვნულ-რევოლუციური ძალების ხელში. აღნიშნულ რეგიონში ფართოდ გაიშალა აგრარული რევოლუცია და სხვა სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები. ერა განაგრძობდა ლაშქრობას ჩრდილოეთში მილიტარისტების წინააღმდეგ, მაგრამ უხანის გომინდანის ხელმძღვანელობა, რომელიც ეროვნული ბურჟუაზიული მემარცხენე ფრთის, წვრილი ბურჟუაზიული ზედაფენისა და ინტელიგენციის ინტერესებს გამოხატავდა, მუშათა და გლეხთა მოძრაობის დიდი გაქანებით შეშინდა და რევოლუციას უღალატა, 1927 წლის 15 ივლისს უხანში მოხდა კონტრრევოლუციური გადატრიალება. ჩინეთის რევოლუცია დამარცხდა, მაგრამ ჩინეთში რევოლუციამდელი ვითარება არ აღდგენილა, მილიტარისტები გაანადგურეს, მმართველ ბურჟუაზიულ-მემამულურ ბლოკში გაძლიერდა მსხვილი ბურჟუაზიის გავლენა, აღდგა ქვეყნის ერთიანობა. რევოლუციურ პერიოდში მშრომელებმა მოიპოვეს პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება, მათ რიგებში გაღრმავდა სსრკ-თან მეგობრობის იდეები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 135.