ჩენ შენისა და უ გუანის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩენ შენისა და უ გუანის აჯანყება — გლეხთა აჯანყება ჩინეთში ძვ. წ. 209-208 წლებში. დაიწყო ახლანდელი ანხოის პროვინციის ჩრდილოეთში ახალწვეულ გლეხთა რაზმმა ჩენ შენისა (მოჯამაგირე) და უ გუანის მეთაურობით. მალე აჯანყებულთა რაოდენობამ რამდენიმე ათეულ ათასს მიაღწია. აჯანყების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო გლეხობა, მონაწილეობდნენ აგრეთვე ჯარისკაცები, ხელოსნები და, ზოგიერთი მონაცემებით, მონები. ძვ. წ. 208 წლის დასაწყისში აჯანყებულები მიადგნენ ცინის დედაქალაქ სიანიანს. აჯანყებულთა ხელში გადავიდა ანხოის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი, მთელი ხენანი, სამხრეთ შანსი და აღმოსავლეთ შენსი. აჯანყების ხელმძღვანელობაში თანდათან შეაღწიეს გაბატონებული კლასის ოპოზიციურმა ელემენტებმა, რომლებიც ცდილობდნენ სახალხო მოძრაობა გამოეყენებინათ ცინის დასამხობად და თავიანთი სამფლობელოებისა და უფლებების აღსადგენად. ძვ. წ. 208 წლის ზამთარში ჩენ შენი მოღალატურად მოკლეს. თებერვალში ცინის არმიამ აჯანყება ჩაახშო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]