ჩეკურაანთგორის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეკურაანთგორის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ნასოფლარ მაჟალოვანის ტერიტორიაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებობის გარეგან სწორკუთხედში, რომელიც რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (5,7x5,2 მეტრი), ჩაწერილია ორი ნავი, რომლებიც ერთმანეთს მათ გამმიჯნავ კედელში მოწყობილი ვიწრო კარით უკავშირდება. ჩრდილოეთ ნავი, საკუთრივ ეკლესია სამხრეთ ნავთან შედარებით ორჯერ უფრო განიერია და გაცილებითმაღალი. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, სამხრეთ ნავი სწორკუთხაა.

ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, ჩამოშლილია ჩრდილოეთ ნავის სახურავის საფარი და ფასადების მოპირკეთების ნაწილი, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ ნავი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე კამარის ჩამონაშალი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული.

შესასვლელი ეკლესიას სამხრეთ ნავის სამხრეთ კედელში ჰქონია. მეორე კარი, რითაც სამხრეთ ნავი ჩრდილოეთ ნავს უკავშირდება, სამხრეთ ნავის მხრიდან სწორკუთხაა, ჩრდილო ნავის მხრიდან - თაღოვანი. ეკლესიის კვადრატული (2,5x2,5 მეტრი) დარბაზი შემაღლებული პროპორციებისაა, განათებულია ორი სარკმლით. მათგან ერთი აფსიდშია, მეორე - სამხრეთ კედელში. საკურთხევლის სარკმელი თაღოვანია, ხოლო სამხრეთისა თარაზულადაა გადახურული. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის წინ, მხრების ხაზზე, დგას მარტივი კაპიტელით დაგვირგვინებული რვაწახნაგა სვეტი (სიმაღლე 1,5 მეტრი). კაპიტელში ამოკვეთილია ოთხკუთხა ღრმული. რომელშიც როგორც ჩანს, ხის ან ქვის ჯვარი იყო ჩამაგრებული. საკურთხეველი გადახურულია კონქით. დარბაზი - ცილინდრული კამარით. რომლის დასავლეთით კიდე კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი - კუთხის პალასტრებს. კამარისა და კონქის ქუსლის დონეზე შემორჩენილია ქარგილის საყრდენი კვადრატული ბუდეები. აფსიდში ხუთი ბუდეა. გრძივ კედლებზე - ორ-ორი. სამხრეთ ნავი ერთიანი. ვიწრო კორიდორია. გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ კედელში დაბალი სარკმელია. რომელსაც თარაზული გადახურვა აქვს.

გარედან საკურთხევლის სარკმელი შირიმის ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. თაღს ევლება სადა, რელიეფური წარბი, რომელსაც ბოლოებში პატარა თარაზული გადანაკეები აქვს. ეკლესიის დანარჩენი ორი სარკმელი მოურთავია.

კედლები დასრულებული ყოფილა ორსაფეხურიანი ლავგარდით, რომლის რამდენიმე ქვა ჩრდილო ნავის სამხრეთ კედელს შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]