შუასერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუასერი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში. ძეგლი ამაღლებული კონცხია, რომელიც შემოჭრილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, სადაც თანდათან ვიწროვდება და სოლისებურ ფორმას იღებს. ყველზე ვიწრო ადგილას დაახლოებით 70, ხოლო ყველაზე განიერ ადგილას კი 500 მეტრია. კონცხის ზედაპირი უმნიშვნელოდ არის დაფერდებული აღმოსავლეთით. მისი სიგრძე დახლებით 2,5 კილომეტრია. სამი მხრიდან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ეკვრის მინდვრები. შუასერის კონცხი მიწის ზედაპირიდან ამოზრდილია დაახლოებით 30-40 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ზღვის დონიდან 1066 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთის მხრიდან, დაახლოებით 200–300 მეტრში მდინარე ოცხე ემიჯნება, ხოლო სამხრეთიდან კი ასევე 200–300 მეტრში მდინარე ქვაბლიანი. სამხრეთით გაჭრილია გზა, სადაც გაშიშვლებაში კარგად შეინიშნება დანალექი თიხის ქანები, რომელსაც თავზე ადევს მდინარეული ნალექები. კონცხის აღმოსავლეთ მხარეს დგას კათოლიკური ეკლესია, რომელიც აგებულია შუასაუკუნეების ტაძრის ნაშთებზე, ასევე მოსჩანს ძველი ეკლესიის საძირკველი. ადგილზე იკრიფება სხვადასხვა სახის შუა საუკუნეების კერამიკა. მასალა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ვრცელდება მთელ ზედაპირზე. კონცხის სამხრეთით შეინიშნება რიყის ქვით ნაგები კედლის ნაშთი 1,5 X 1 მ. მისგან დასავლეთით დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით დაფიქსრიდა 20–30 სმ სიმძლავრის ნაცროვანი (კულტურული) ფენა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირისა და კერამიკის ფრაგმენტებს. ზედაპიზე და ნაცროვან ფენაში დადასტურებული მასალა ერთგვაროვანია და ქრონოლოგიურად ერთ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20130