შირბახტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შირბახტისებრთა ოჯახი
uncarina grandidieri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ქვესამეფო: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანები
რიგი: Lamiales
ოჯახი: შირბახტისებრნი
ქვეოჯახი: Ceratotheca
ლათინური სახელი
Pedaliaceae

შირბახტისებრნი (ლათ. Pedaliaceae) — ყვავილოვან, ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ძირითადად, ერთწლიანი ან მრავალწლიანი ბალახები, უფრო იშვიათად — ბუჩქები და მცირე ზომის ხეები; ხასიათდებიან მცენარის ყველა ნაწილზე წებოვანი ჯირკვლოვანი ბეწვების არსებობით. ამ ოჯახის მცენარეები მწერებით დამტვერვას არის შეგუებული, რაზეც მიუთითებს ყვავილის კაშკაშა ფერებში შეფერილი გვირგვინი და მათი ფურცლების ქვედა ნაწილებზე ზოლებისა და ხალების არსებობა. ნაყოფები მრავალგვარია, მაგრამ ყველაზე ხშირად ესაა ხოლმე ცილინდრული კოლოფი, რომელიც წვეროზე იხსნება. აერთიანებს 12 გვარის 90-მდე სახეობას, უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სამხრეთ აფრიკაში, აგრეთვე მადაგასკარზე, სოკოტრის კუნძულზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, ახალ გვინეასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში. პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია სახეობა შირბახტს.

ამ ოჯახის სისტეტიზაციაში იყო პრობლემები, ახლო წარსულში მათ ათავსებდნენ რიგში Scrophulariales კრონქვისტის სისტემით და ფარულთესლოვნების ფილოგენეზური ჯგუფების სისტემით კი — რიგში Lamiales.

კრონქვისტი ოჯახს Martyniaceae აგრეთვე ათავსებდა ოჯახში Pedaliaceae, მაგრამ ფილოგენეზურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ოჯახები არაა ახლო მონათესავე და ფარულთესლოვნების ფილოგენეზური ჯგუფების სისტემით ისინი ცალ-ცალკე განიხილება.

ორივე ამ ოჯახს ახასიათებს ლორწოვანი ბუსუსების არსებობა, რაც მათ ღეროებსა და ფოთლებს შეხებაზე წებოვანს ხდის, ასევე ორივე ამ ოჯახს ხშირად გააჩნიათ კაუჭებიანი ან რქებიანი ნაყოფები.

სეზამი (Sesamum indicum) ერთ-ერთი წარმომადგენელია შირბახტისებრთა ოჯახისა, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]