შაჰტახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოორდინატები: 41°41′16″ ჩ. გ. 44°48′07″ ა. გ. / 41.68778° ჩ. გ. 44.80194° ა. გ. / 41.68778; 44.80194

შაჰტახტი XIX საუკუნის ბოლოს.

შაჰტახტიქალაქის გალავანი სამხრეთიდან სოლოლაკის ქედს მიუყვებოდა, ყოფილი კომკავშირის ხეივნის ხაზზე, შემდეგ მკვეთრად უხვევდა და ქედის ფერდობზე ეშვებოდა, დღევანდელი დადიანის ქუჩის მიმართულებით.

ამ კუთხეზე, სამხრეთის და დასავლეთის კედლების შესაყარზე მძლავრი ბასტიონი იყო აღმართული, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს და შაჰის ტახტს უწოდებს. 30 მეტრი სიგრძის მართკუთხა ციხესიმაგრე კოშკებით იყო გამაგრებული. თბილისის 1800 წლის გეგმაზე შაჰტახტი ან შაიტახტი ექსპლიკაციაში აღნიშნულია ქალაქის 12 ძირითად ნაწილს შორის, რაც მის სიძლიერესა და მნიშვნებობაზე მიუთითებს. პლატონ იოსელიანის ცნობით, XIX საუკუნეში, 1837 წლამდე, შაჰტახტი ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, აქ ობსერვატორია გაცილებით ადრე არსებობდა. ობსერვატორია დაარსებული უნდა იყოს თბილისის ცალკე საამიროს შექმნის ხანაში (IX საუკუნე). ეს ვარაუდი მით უფრო ყურადსაღებია, რომ არაბულ სახელმწიფოებში ასტროლოგიას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. არაბული მთვარის კალენდარი რთული იყო და ვარსკვლავებზე სისტემატურ დაკვირვებას მოითხოვდა. არსებობს არაბი გეოგრაფის ალ-ისტაჰრის ცნობა X საუკუნის დასაწყისში თბილისში ობსერვატორიის არსებობის თაობაზე. ამასვე უნდა მოწმობდეს ის ცნობაც, რომ XIII საუკუნეში ახლად აშენებულ მარაღის ობსერვატორიაში მიწვეულთა შორის იყო თბილისელი ასტრონომი ფახრედ ახლათი.

დღეს შაჰტახტის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. 2016-17 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ.კვირკველია, ძველ თბილისური დასახელებანი, თბ., 1985 გვ. 90
  • ენციკლოპედია თბილისი, თბილისი 2002 გვ. 920

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. 11 სექტემბერი 2017.