შინაარსზე გადასვლა

შანტანუ (მაჰაბჰარატა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შანტანუ - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. ქურუს მეფე, ბჰარატას რასის და მთვარის დინასტიის შთამომავალი, პანდავების და კაურავების დიდი დიდი ბაბუა. ის მეფე პრატიპას უმცროსი ვაჟი იყო, მაგრამ მისმა უფროსმა ძმებმა ტახტი დაუთმეს. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ბჰიშმას - უძლიერესი მეომრის მამა.

წინა ცხოვრებაში ის იქშვაკუს დინასტიის ძლიერი მეფე მაჰაბჰიშა იყო. მას მრავალი კეთილშობილი თვისება გააჩნდა და სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდა, სადაც საშუალება მიეცა ეწვია ბრაჰმას სასახლეში, სადაც დევები და განგა იყვნენ. სანამ ისინი ბრაჰმას თაყვანს სცემდნენ ქარმა დაუბერა, განგას ტანსაცმელი ააფრიალა და მისი ტანი გამოაჩინა. ყველამ იმწამსვე თავი დახარა გარდა მაჰაბჰიშას, რომელიც განგას შესჩერდა. ამ საქციელისთვის ბრაჰმამ ის დაწყევლა და დედამიწაზე მოკვდავად დააბრუნა განგასთან ერთად, რომელმაც მეფის საქციელი მოიწონა. განგას სამოთხეში დაბრუნება მხოლოდ მაჰაბჰიშას გულის გატეხვის შემდეგ შეელებოდა. მაჰაბჰიშამ ქურუს მეფის შვილად დაბადება ისურვა და ბრაჰმამ სურვილი აუსრულა.

მეფე პატიპა განგის ნაპირზე მედიტირებდა, როდესაც ულამაზესი ქალი მარჯვენა ფეხზე დააჯდა და ცოლობა შესთავაზა. მეფემ უარი უთხრა, რადგან ცელიბატის ფიცი ჰქონდა დადებული, თანაც ტრადიციულად კაცის მარჯვენა ფეხზე მისი ქალიშვილი ან რძალი ზის. მან ქალს თავისი ვაჟის ცოლობა შესთავაზა, ის დათანხმდა. ეს ქალი განგა იყო. მეფეს შეეძინა ვაჟი შანტანუ. ძმებმა შანტანუს ტახტი დაუთმეს.

შანტანუმ მდინარე განგის ნაპირზე მშვენიერი ქალი (განგა) დაინახა და ცოლობა სთხოვა. იგი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით: შანტანუ არასდროს არ შეეკითხებოდა მას მისი ქმედებების მიზეზებს. შანტანუ დათანხმდა, ისინი დაქორწინდნენ და მათ ვაჟი შეეძინა, მაგრამ მისი დაბადებიდან ცოტა ხანში განგამ ის მდინარეში დაახრჩო. შანტანუ ვერ ეკითხებოდა მას მიზეზებს და განგამ მიყოლებით შვიდი ვაჟი დაახრჩო. ბოლოს გულმოკლულმა მეფემ მერვე ვაჟის დახრჩობა არ გაუშვა. განგამ აუხსნა, რომ მისი რვა შვილი დაწყევლილი იყო - მერვე შვილის წყევლა დედამიწაზე ხანგრძლივი უცოლშვილო ცხოვრება იყო. განგამ მერვე ვაჟი - ბჰიშმა გასაზრდელად ცაში აიყვანა და გაუჩინარდა. სხვადასხვა სამყაროში მან ბჰიშმა ბრძენებს მიაბარა და საბოლოოდ მამამისთან დააბრუნა დედამიწაზე, რადგან ახლა ის მეფობისთვის მზად იყო.

ცოლის და ვაჟის დაკარგვით დაჭმუნებულმა შანტანუმ რელიგიური პრაქტიკების შესრულება დაიწყო და მალე უძლიერესი მმართველი გახდა. წლების შემდეგ მან მდინარე გაბგას ამღვრევა შეამჩნია და ახალგაზრდა ვაჟი დაინახა, რომელმაც მდიბარე აამღვრია. შანტანუ მიხვდა, რომ ეს მისი შვილია და განგას დაუძახა - ქალღმერთმა მოუყვა, რომ ბიჭი ციურ სამყაროში უძლიერეს ბრძენებთან გაზარდა მეფობისთვის. გახარებულმა შანტანუმ ვაჟი - ბჰიშმა ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ერთხელ, მოგზაურობისას, მან მეთევზეს ქალიშვილი - სატიავატი დაინახა და ერთი დანახვით შეუყვარდა. მან მამამისს ქორწინებაზე ნებართვა სთხოვა, ის დაეთანხმა იმ პირობით, რომ სატიავატის შვილები მემკვიდრეები გახდებიან. შანტანუმ დიდი მწუხარებით უარი უთხრა, მაგრამ ბჰიშმამ მამის ბედნიერებისთვის ტახტი დათმო. მადლიერმა შანტანუმ შვილს საკუთარი სიკვდილის მართვის უნარი უბოძა. მას და სატიავატის ორი ვაჟი შეეძინათ.

  • Narasimhan, Chakravarthi V. (1999). The Mahābhārata: An English Version Based on Selected Verses. Motilal Banarsidass Publ. ISBN 978-81-208-1673-2.
  • van Buitenen (1973), p. 231; Shastri Chitrao (1964), p. 962
  • Chandrakant, Kamala; Pai, Anant (1997). Bheesma- Heroes from the Mahabharat (August 2010 Reprint ed.). Mumbai: Amar Chitra Katha Pvt Ltd. p. 1. ISBN 81-8482-035-6.
  • van Buitenen, J.A.B. (1973), Mahabharata, vol. 1, Chicago, The University of Chicago Press, pp. 216–230
  • Shastri Chitrao, M.M.S. (1964), Bharatavarshiya Prachin Charitrakosha (Dictionary of Ancient Indian Biography, in Hindi), pp. 962–63