შალვა ქიქოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ქიქოძე

შალვა ქიქოძე, ავტოპორტრეტი
სრული სახელი შალვა ქიქოძე
დაიბადა 27 მაისი, 1894
დაბადების ადგილი ბახვი, ოზურგეთის მაზრა
გარდაიცვალა 7 ნოემბერი, 1921(1921-11-07) (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფრაიბურგი
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
გრაფიკა

შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე (დ. 27 მაისი, 1894, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 7 ნოემბერი, 1921, ფრაიბურგი, გერმანია) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში — შეასრულა ფსკერების პირები. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1919 წელს ქიქოძემ თბილისში გიორგი ჯაბადარის თეატრში, მხატვრულად გააფორმა ჯ. ჯაკოზას პიესა „ვითა ფოთლები“ და სხვა. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილ იქნა პარიზში, სადაც 1921 წელს ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად მოეწყო ქიქოძის სურათების გამოფენაც. მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნული.[1]

შალვა ქიქოძემ საშუალო ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. ჯერ კიდევ მოწაფის სკამზე მჯდომარე, მონაწილეობას იღებდა მოსკოვის სათეატრო ჟურნალში «Рампа и жизнь», სადაც მოთავსებულია მის მიერ დახატული კარიკატურები. ამას გარდა, მოსკოვის თეატრში «Летучая мышь», დახატული ჰქონდა დიდი პანო, რაც იმ დროს ყურადღებით იყო აღნიშნული. ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა მარცხენა ხელით. მისმა ნამუშევრებმა გაამდიდრა ქართული ფერწერა როგორც თემატიკურად, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ქიქოძის ფერწერისათვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, გამომსახველობა, მკაფიო ნახატი, ჟღერადი კოლორიტი.[2]

საჯარო გამოფენაზე შალვა ქიქოძემ პირველად მონაწილეობა მიიღო თბილისში. 1919 წელს ადგილობრივმა პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის. შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში.[1] იგი დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.[3]

ქიქოძის ნამუშევრებია: „ხევსურეთი“ (1920), „გურული ქალი დოქით ხელში“ (1921), „აჭარელი ჩადრიანი ქალები“ (1921); აგრეთვე პარიზის ცხოვრების სცენები; „ლუქსემბურგის ბაღი“ (1920), „რესტორანში“ (1921). ზოგიერთ ნაწარმოებში ქიქოძე მიმართავდა სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს: „დაკარგული მეგობრის გახსენება“ (1920), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). 1928 წელს თბილისში მოეწყო ქიქოძის ნახატების პერსონალური გამოფენა.[2]

გალერეა

ლიტერატურა

  • აბესაძე ი., შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1978, № 8;
  • ბაგრატიშვილი ქ., შალვა ქიქოძე, იქვე, 1965, № 1;
  • დაუშვილი ვ., მხატვარი შალვა ქიქოძე, იქვე, 1970, № 8.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: