ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმელები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი გამოყვანილია აგურით. შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში ჩასმული. აღმოსავლეთით-ით, დარბაზის იატაკის მიმართ ორი საფეხურით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ნახევარწრიული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშაა. აფსიდის ზედა ნაწილში, სარკმლის ორივე მხარეს, კონქის ქუსლის დონეზე, თითო, ვიწრო, სწორკუთხა ღიობია, რითიც კედლის სიღრმეში მოწყობილ სამალავებს უკავშირდება. საკურთხევლის ბაქანი აფსიდის მხრების ხაზიდან ოდნავ წინაა წამოწეული. პირველი საფეხურის შუაში ნაწილში მას ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუა ნაწილში გაჭრილი თითი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელიც შუქებს, რომელთა ღიობები, საკურთხევლის ღიობების მსგავსად, გარეთკენაა ახრილი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. დასავლეთით იგი კედლის მიმდებარე თაღზეა დაყრდნობილი, თვით თაღი - კუთხის პილასტრებზე. შიგნიდან ეკლესია შელესილია. იატაკზე დაგებულია კვადრატული აგური. ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, საფეხუროვანი პოსტამენტზე დაყრდნობილი, თითო ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდანით, რითიც ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხით წინწამოწეული აგურის რიგების მონაცვლეობით არის გამოყვანილი. შენობის დასავლეთ კედელზე დაშენებულ აგურის კვადრატულ საფუძველზე დადგმულია ცილინდრული ფორმის, ოთხ მხარეს ნახევარწრიული თაღით გახსნილი, აგურისვე სამრეკლო, რასაც შიგნით ნახევარსფერული კამარა ხურავს, გარედან კი, კონუსისებრი სახურავი ეხურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18736