ყვარლის მეოთხე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მედებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოთხ კილომეტრზე. ნიკოანთ ყურედ წოდებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით, საკმაოდ დაუდევრად. შესასვლელი სამხრეთითაა. კარი გარედან თაღოვანიოა, შიგნით, ხის ძელებით, თარაზულად ყოფილა გადახურული. შესასვლელის წირთხლებში საურდულე ხვრელებია, მათგან დასავლეთ წირთხლში მოწყობილი ხვრელი დასავლეთ ფასადზე გადის. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომლის ღერძზე დაბალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მოდგმულია ტრაპეზი. ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთითაცაა. აფსიდში სამი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. მათგან ორი სამხრეთითაა, ერთი-ჩრდილოეთით. სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი ნიშა, რომელიც საკმაოდ ღრმაა და გეგმით ტეხილი მოხაზულობა აქვს. სავარაუდოდ, სამალავად გამოიყენეოდა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებსაც ნახევრად წრიული ფორმის თაღი ეყრდნობა. აფსიდი და დარბაზი გადახურულია ნახევრადცილინდრული, ქარგულზე სხმული კამარით. დასავლეთ კედელზე და ტრაპეზზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ფასადები აგურის საფეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]