შინაარსზე გადასვლა

ყარამან ელიარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარამან გეურქას ძე ელიარაშვილი (რუსიფიცირებული — ელიაროვი; დ. 1802, თბილისი — გ. არაუგვიანეს სექტემბერი, 1864, იქვე) — ქართველი მესაჭურვლე (მეიარაღე) ოსტატი. რუსეთის იმპერატორის მეიარაღე.

ყარამანი დაიბადა 1802 წელს ცნობილი მეიარაღის გეურქ ელიარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. ყარამანს რამდენიმე ძმა და და ჰყავდა: ალექსანდრე, ეფრემი, იაკობი (რომელიც 1824 წლამდე გარდაიცვალა). დები: ოსანა, ნატალია და სალომე, ასევე და სახელად ქალი, რომელიც ასევე 1824 წლისათვის უნდა გარდაცვლილიყო[1].

ყარამანი ეკუთვნოდა ქართლის სადედოფლო აზნაურულ საგვარეულოს — ელიარაშვილებს, თუმცა რუსულ ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გვარი არამხოლოდ რუსიფიცირებული ელიაროვი (Элиаров) ფორმითაა მოცემული, არამედ დამახინჯებული ფორმითაც, კერძოდ, ელიაზაროვი (Елязаров, Элязаров), ელიზაროვი (Елизаров, Элизаров) და ა. შ[2].

ყარამან ელიარაშვილი თავიდანვე მამის ხელობას დაეუფლა, მოგვიანებით მის გზას დაადგა მეორე ძმა ეფრემიც, რომელიც მანამდე მესპილენძის პროფესიას ეუფლებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ყარამანი თბილისის ერთ-ერთ მოწინავე ოსტატად იწოდებოდა და მისი ოსტატობა აღაფრთოვანებდა მნახველს, ის სრულად იყო დაუფლებული სპეციალური საიარაღო ფოლადის — ჯავარდენის დამუშავების ხელოვნებას, ჰქონდა ცოდნა ჯავარდენის სხვადასხვა სახეობების შესახებ[3].

ყარამან ელიარაშვილის მოღვაწეობაზე საკმაო ცნობებია შემონახული. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მისი ხელობით რუსეთის იმპერია იყო დაინტერესებული, რის გამოც, მთავრობის ოფიციალურ მიმოწერებში ყარამანის შესახებ სხვადასხვა ცნობები იქნა თავმოყრილი. რუსეთის იმპერია შეიარაღების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა გზებს ეძებდა საიარაღო ფოლადის სრულყოფისათვის, რასაც კურირებდა უშუალოდ ფინანსთა მინისტრი ეგორ კანკრინი. მინისტრი, რომელიც ძლიერ დაინტერესებული იყო ჯავარდნების წარმოებით, შეეცადა იმპერიის შიგნითვე გამოენახა შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პირები, რათა საქმისათვის მსვლელობა მიეცა, ამ მიზნით თბილისის სამხედრო გუბერნატორს დაავალა, შეეკრიბა ცნობები თბილისელი ოსტატები თუ როგორ ახდენდნენ ჯავარდნების დამზადებასა და შემკობას[4].

1829 წელს პასკევიჩი იმ პერიოდისათვის საუკეთესო ოსტატს — ყარამანს დაუკავშირდა და ნიმუშებად იმპერატორისთვის გასაგზავნად იარაღის მიყიდვა სთხოვა, თუმცა ოსტატს პროდუქცია ჯერ არ ჰქონდა და აღუთქვა უახლოეს პერიოდში დამზადება. მართლაც 1830 წლის მაისისთვის ყარამანს მზად ჰქონდა დაშნა, ხმალი, ხანჯალი და მახვილი. როგორც ჩანს მთავრობამ ყარამანთან მოლაპარაკებაც გამართა ფოლადის დამუშავების შესწავლის საკითხზე. წერილით პასკევიჩი კანკრინს აცნობებდა, რომ თბილისში, საუკეთესო ოსტატმა ყარამან ელიაზაროვმა პირობა მისცა, თავის ხელობას გააცნობდა და რომ ის ძმასთან ერთად მზად არის წავიდეს რუსეთში, რათა იქ გააცნოს თავისი ხელობის საიდუმლოება[5].

1830 წლის 13 აგვისტოს ზლატოუსტის ქარხნის დირექტორისათვის გაგზავნილ წერილში კანკრინი იტყობინებოდა, რომ იარაღი „თბილისის საუკეთესო ოსტატის ელიაზაროვის მიერ ისე ჩინებულად არის დამზადებული, რომ ...ისინი აღემატებიან ყოველივე იმას, რაც კეთდება ჩვენსა და თვით ევროპის საუკეთესო ფაბრიკებშიც კი“[6].

იმპერატორის ბრძანებით, წასახალისებლად, ყარამანი დაჯილდოვდა ოქროს მედლით (რომელიც ყარამანს გადაეცა 1830 წლის 18 ნოემბერს). თბილისში კი ხელობის შესასწავლად გამოიგზავნა ორი ოსტატი: ვასილ იუჟაკოვი და კარლ ვოლფერცი, მათთან ერთად კი ორი მუშა: მიხეილ დიატლოვი და ნიკოლოზ ივანოვსკი[7]. რუსეთიდან ასევე გამოიგზავნა სხვადასხვა ქარხნის ფოლადი, რკინა და თუჯი, რათა ყარამანს დაედგინა, რომელი მათგანი ივარგებდა მაღალი ხარისხის იარაღის დასამზადებლად. ყარამანმა ისინი შეისწავლა და ნაწილი დაიწუნა[8].

ყარამან ელიარაშვილის ხელმძღვანელობით ზლატოუსტელმა შეგირდებმა სწრაფად აითვისეს ხელობა და 1832 წლის მიწურულისათვის ყარამანის მეთოდებით დაამზადეს ჯავარდენის 10 ხმალი, რომლებიც ბარონმა როზენმა იმპერატორს გაუგზავნა, რისთვისაც ყარამანი ხელახლა დაჯილდოვდა 1000 მანეთით, ხოლო ვოლფერცი და იუჟაკოვი-თითოეული 500 მანეთით. წარდგენილი იარაღი კი შესანახად კადეტთა სამთო კორპუსის მუზეუმს გადაეცა.

იმავე წლის მაისში ყარამანის უშუალო ხელმძღვანელობით 13 დღეში ოთხი ხმალი გამოჭედეს, საიდანაც ორი გაკეთდა რუსული მასალით, ხოლო ორიც-ქართული ნალებისა და თურქული ფოლადის შედუღებით[6][9].

1832 წლის 8 იანვრით დათარიღებული თბილისის პოლიცმეისტერის მინჩენკოს მოხსენებით ბარონ როზენისადმი ირკვევა, რომ ყარამანმა მას გადასცა ხარისხიანი ხმლების დამზადების ტექნოლოგიის აღწერილობა, ასევე ნამდვილი ჯავარდნების სახეობების ჩამონათვალი და მათი ამოცნობის ნიშნები[9].

სამხედრო ისტორიკოსი, კავალერიის გენერალი ვასილი პოტტო აღნიშნავს, რომ ყარამანის მოწაფეებმა ზლატოუსტში დაბრუნების შემდეგ ქარხანას დიდი სარგებელი მოუტანეს. კერძოდ, რუსეთის კავალერიაში გავრცელდა ზლატოუსტის ხმლები, რომლებიც დამზადებული იყო 1832-34 წლებში და რაც ემთხვევა ყარამანის შეგირდების მოღვაწეობის პერიოდს[10]. ხოლო რუსი სამხედრო მოღვაწისა და კაზაკების ოფიცრის (მოგვიანებით გენერლის) ვლადიმერ თეოფილაქტეს ძე ჟელეზნოვის მტკიცებით, XX ს.-ის დასაწყისშიც კი რუს ჯარისკაცებსა და კავკასიელ მთიელებში ზლატოუსტის წარმოების სწორედ ის ხმლები იყო პოპულარული და ძვირად ფასობდნენ, რომლებიც ყარამანის მოწაფეების მოღვაწეობის წლებშია დამზადებული, ხოლო გავრცელებული ლეგენდებით ყარამანის მოწაფეებად დასახელებული არიან ისეთი ცნობილი ოსტატები, როგორებიც არიან შაფი, ბუშუევი, პურუნსუზოვი (ბურუნსუზოვი), ბუტცევი[11]. ამ პერიოდში, ზლატოუსტის ქარხანაში დამზადებულ იარაღზე, როგორც ჩანს, ყარამანის იარაღის სტილისტიკური გავლენაც საგრძნობი იყო[12].

ქართველი მეცნიერის კოტე ჩოლოყაშვილის ინიციატივით 1955 წელს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ყარამანის რეცეპტით ჩატარდა ცდები, რა დროსაც ამ რეცეპტით მიღებული ფოლადი ჩარხზე ჩვეულებრივი საჭრისის მეშვეობით ვერ გაიჭრა, რაც მის განსაკუთრებით თვისებებზე მეტყველებს. აკადემიკოს ფერდინანდ თავაძის ცნობით, ელიარაშვილების რეცეპტით დამზადებული ფოლადი პარალელს პოულობს უძველეს ქართულ ფოლადთან მეიარაღე გეურქა 1824 წლის შემდგომაც მოიხსენიება წყაროებში, ამ დროისათვის კი გეურქ ელიარაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მუზეუმებში დაცული ნივთების დიდი ნაწილი სწორედ 1824 წლის შემდგომ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. უახლესმა კვლევამ დაადგინა მისი გარდაცვალების წელი[1], აღნიშნულის გათვალისწინებით კი, გამოდის, რომ იარაღები, რომლებიც 1824 წლის შემდგომაა დამზადებული და გააჩნია წარწერა «რუს. Е. И. В. ОРУЖЕЙНИКЪ ГЕУРКЪ» ან უბრალოდ სახელი „გეურქ.“ (როგორც მაგალითად ერმიტაჟში დაცული ერთი ხანჯალი, რომელიც ი. მილერმა გამოაქვეყნა)[13] უნდა იყოს მისი შვილის ყარამან ელიარაშვილის ნაკეთობები, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა საქმიანობას და მამის სახელს, როგორც საფირმო სახელს ისე იყენებდა[6].

ყარამან ელიარაშვილის გარდაცვალების თარიღად, ახლად გამოვლენილ საარქივო დოკუმენტში 1864 წლის 28 სექტემბერია დასახელებული. ყარამანი დაუსაფლავებიათ ავლაბრის სასაფლაოზე[14].

  • დვალიშვილი ლ., „თბილისური ფოლადი და ელიარაშვილები“, თბილისი, 2023.
  • Двалишвили Л. Б., „К вопросу о генеалогии оружейника Геурка“ // Историческое оружиеведение, Москва, 2021.
  • „Акты, собранные Кавказской археографической комиссией“, Т. VIII, под ред. Ад. Берже, Тифлис, 1881.
  • „Акты, собранные Кавказской археографической комиссией“, Т. VII, под ред. Ад. Берже, Тифлис, 1878.
  • გუგუშვილი პაატა, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ. 5, თბ. 1962, გვ. 135-141;
  • Чолокашвили, К.К. Из истории грузинского булата //VII Международ. конгресс антропол. и этнограф. наук : Москва, авг., 1964./ — Тб.: Мецниереба, 1964.
  1. 1.0 1.1 Двалишвили, 2021, გვ. 90
  2. Акты, Т. VIII, 1881, გვ. 188
  3. Двалишвили Л.Б. Анализ грузинской традиционной терминологии, обозначающей булат и дамасскую сталь // Историческое оружиеведение. — 2023. — № 12. გვ. 140.
  4. დვალიშვილი, 2023, გვ. 165-166
  5. Акты, Т. VII, 1878, გვ. 342
  6. 6.0 6.1 6.2 დვალიშვილი, 2023, გვ. 167
  7. Акты, Т. VII, 1878, გვ. 343
  8. Акты, Т. VIII, 1881, გვ. 191
  9. 9.0 9.1 Акты, Т. VIII, 1881, გვ. 188-192
  10. В. А. Потто. Кавказская война в отдельных очерках, эпизодах, легендах и биографиях. Т.4, 1889, გვ. 685.
  11. დვალიშვილი, 2023, გვ. 168
  12. Б.В. Павловский. Декоративно-прикладное искусство промышленного Урала. М. 1975, გვ. 85, 91.
  13. Miller Y., Caucasian Arms from the State Hermitage Museum. St. Petersburg, Devantier - Naestved, Denmark. გვ. 133
  14. დვალიშვილი, 2023, გვ. 152