ყანჩავეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყანჩავეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, რომელიც შემდეგ შელესილი იყო. კუთხეებში გამოყენებულია ქართული აგური. დარბაზული ეკლესია გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. ნახევარცილინდრული კამარის დასავლეთის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა, ხოლო ცენტრალური თაღი კედლის წყობაში იძირება.

დასავლეთი შესასვლელი თაღოვანია, ხოლო სამხრეთისა — არქიტრავული. დარბაზი განათებულია სამხრეთის ორი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა სარკმლით. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. სამხრეთიდან შეიმჩნევა მინაშენის კვალი. ფასადებზე ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. კედლები დაბზარულია. კარ-სარკმლები დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 188-189