ღირსი გაბრიელ ხატმიმრქმელი
გაბრიელ მთაწმინდელი — ქართველი ღირსი მამა მოღვაწე ათონის მთაზე ქართველთა სავანეში. პიროვნება რომელმაც ზღვიდან გამოაბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი და დააბრძანა ივერთა სავანეში.
წმინდა მატიანე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწყვეტი კირიონ II-ის შრომიდან - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"
ღირსმა გაბრიელმა (X-XI სს.) ივერია დატოვა და გაემგზავრა ათონზე, რომლის სახელი უკვე მეუდაბნოეთა წმიდა მოღვაწეობით, ეკლესიური და ბერ-მონაზვნური მოწესეობის, სულიერ-ასკეტური ცხოვრების სიმკაცრით შორს იყო განთქმული. ათონზე მან სათნო და უბიწო ცხოვრების გამო ყურადღება მალე მიიპყრო. ქვემოთ მოყვანილმა შემთხვევამ კი სახელი მალე გაუთქვა: ერთხელ, საღამოს, ათონის მეუდაბნოეებმა ზღვაზე ცეცხლოვანი ნათლის სვეტი იხილეს, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავდა ეს ხილვა. შეშინებულნი ლოცულობდნენ. ახლომდებარე მონასტრებიდან სხვადასხვა ეროვნების მეუდაბნოენი და მხცოვანი ბერები შეიკრიბნენ და ზღვას მიუახლოვდნენ. დაინახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ ბერების მიახლოებისთანავე ხატი ნაპირს შორდებოდა. ივერიელმა ბერებმა განსაკუთრებით გააძლიერეს ლოცვა და თვალცრემლიანნი შესთხოვდნენ ღმერთს, სასწაულებრივად მოვლენილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის ებოძებინა. ათოს მთას იქ გაბრიელის დამკვიდრების შემდგომ გაბრიელის მთას ეძახდნენ. ამ მთაზე განმარტოებით მცხოვრებ ბერს ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და ინება ივერიის სავანის საძმოსთვის ეუწყებინა, რომ სურდა თავისი ხატი მათთვის შემწეობისა და ქომაგობის აღმოსაჩენად ებოძებინა. ბერს უბრძანა, უშიშრად შესულიყო ზღვაში, ზვირთებზე რწმენით გაევლო და ხატი მიეღო. გაბრიელმა თავისი ხილვის შესახებ საძმოს აუწყა. მეორე დილით წინამძღვარი და მთელი საძმო გალობით, ანთებული ლამპრებითა და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ. წმიდა გაბრიელმა ზღვის ზედაპირზე დაუბრკოლებლად გაიარა. ცეცხლმნთებარე წმიდა ხატი წმ. გაბრიელს მიეახლა, მან იგი გულზე მიირქვა, ტალღებზე გაიარა და ნაპირზე გამოაბრძანა. ამის გამო წმ. გაბრიელი მკერდზე მისვენებული ხატით გამოისახება ხოლმე. ქართული სავანის სახელწოდების გამო ამ უდიდესმა სიწმიდემ ივერიის ღვთისმშობლის ხატის (კარიბჭის, პორტაიტის) სახელი მიიღო და ამჟამად მთელ ქრისტიანულ სამყაროში ამ სახელითაა ცნობილი. წმ. გაბრიელის დიდებამ უწმიდესი პაპის ყურამდეც მიაღწია. მათ ერთმანეთის მიმართ დიდი ძმური სიყვარული ჰქონდათ. ქართულმა ეკლესიამ ღირსი გაბრიელი გარდაცვალებიდან მალე (XI ს-ის შუახანებში), თავის წმიდანთა დასში ჩარიცხა და მისი ხსენების დღედ 12 ივლისი დაადგინა.