შინაარსზე გადასვლა

ღვინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვინიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula cyanoxantha (Schaeff.) Fr. (1863)
სინონიმები
  • Russula variata Banning (1881)
  • Russula cutefracta Cooke (1884)
  • Russula cyanoxantha f. pallida Singer (1923)
  • Russula cyanoxantha var. variata (Banning) Singer (1934)
  • Russula flavoviridis Romagn. (1962)
  • Russula cyanoxantha var. cutefracta (Cooke) Sarnari (1992)

ღვინიო (ლათ. Russula cyanoxantha) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ქუდი 6-12 სმ დიამეტრის, ნახევარსფეროსებრი ან გაშლილი; მომწვანო-მონაცრისფრო ან იისფერი; ნესტიან ამინდში ლორწოვანი. ფეხის სიგრძე — 5-9 სმ, სიგანე — 1-3 სმ, მოთეთრო ან იისფერი ელფერით, ცილინდრული და მყიფე. ფირფიტები მოთეთრო, ხშირი, დრეკადი და რბილია. რბილობი თეთრია და მკვრივი, უსუნო; გადატეხისას ფერს არ იცვლის.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. საჭმელად იხმარება ახალი, მოხრაკული, დამარინადებული, გამშრალი და დამწინილებული.[1] ახასიათებს ნაზი თხილისებრი გემო. იზრდება წიწვოვან, უპირატესად ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. ძირითადად გვხვდება წიფლნარებსა და მუხნარებში. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიას.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus cyanoxanthus. ეს აღწერა შევიდა მისი მრავალტომიანი ნაშრომის („Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones“) მე-4 ტომში, რაც დაფიქსირებულია ისეთ ბაზებში, როგორიცაა, მაგალითად, Mycobank.[2] მოგვიანებით, 1863 წელს, მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა ხრაშუნა სოკოების (ლათ. Russula) გვარში გადაიტანა.[3]

გერმანიის მიკოლოგიურმა ასოციაციამ ღვინიო 1997 წლის სოკოდ დაასახელა.[4]

ქუდი – 6-12 სმ დიამეტრის. შუაში მომწვანო-მონაცრისფროა, კიდეებისკენ – მონაცრისფრო-მოიისფრო-მოწითალო, ზოგჯერ მთლიანად იისფერი. თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი ამობურცულ-გაშლილი, ზოგჯერ – შუაში ჩაღრმავებული. ხორცოვანი და გლუვია, ნესტიან ამინდში ნებოვანი-ლორწოვანი ხდება. კიდეები სწორი და გლუვი.[5]

ფეხის სიგრძე – 5-9 სმ, სისქე — 1-3 სმ, მოთეთრო, ზოგჯერ ღია იისფერი ელფერი დაკრავს. ცილინდრულია, ზოგჯერ ძირისკენ შევიწროებული. მყიფე და გლუვია.

რბილობი – მოთეთრო, მკვრივი და დრეკადი, მოგვიანებით – მყიფე; ფეხში – ბამბისებრია, უსუნო, გადატეხისას ფერს არ იცვლის.[5]

ჰიმენოფორიფირფიტებიანი, მოთეთროა და ხშირი, ფართო, დრეკადი და რბილია, ფეხთან თავისუფალი.[5]

სპორები – ელიფსური, ხორკლიანი; 6.5–9 x 5.5–7 მკმ. სპორების მტვერი – თეთრი.[6] ბაზიდიუმი გურზისებრია და 4 სტერიგმას ატარებს, 45-55 x 9-10 მკმ. ფირფიტების კიდეებსა და ზედაპირზე არსებული მრავალრიცხოვანი ცისტიდები ზომით 30-55 x 4-6 მკმ.

გავრცელების არეალი და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება წიწვოვან, უპირატესად ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. ძირითადად გვხვდება წიფლნარებსა და მუხნარებში, აგრეთვე წიფლისა და სოჭის შერეული ტყეებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, ნაძვნარებში, პარკებსა და ბაღებში. უპირატესობას ანიჭებს ოდნავ მჟავე, მაგრამ საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს. ყველა ხრაშუნას მსგავსად, ის მიკორიზული სოკოა.[7] ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და მთიან შტატებში ის ივლისიდან ოქტომბრამდე ხარობს, ხოლო უფრო დასავლეთით — ოქტომბრიდან იანვრამდე.[6]

ღვინიო გავრცელებულია ჰოლარქტიკულ ზონაში, ანუ თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. იგი გვხვდება ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ, მექსიკა, კოსტა-რიკა), ჩრდილოეთ აფრიკაში (მაროკო, ალჟირი, ტუნისი), კანარის კუნძულებზე, აზიასა (კავკასია, რუსეთი, კორეა, იაპონია, ტაივანი) და ევროპაში. მისი გავრცელების არეალი მოიცავს მერიდიონულ სარტყლიდან სუბბორეალურამდე. შესაბამისად, მისი ნახვა შესაძლებელია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

ევროპაში სოკო მთელ ფოთლოვან ტყეებში, ასევე ნაძვნარებში გვხვდება. მისი გავრცელების არეალი სამხრეთით ესპანეთიდან, ბალეარის კუნძულებიდან, იტალიიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან ჩრდილოეთით ჰებრიდის კუნძულებამდე და ფენოსკანდინავიის ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს, ხოლო აღმოსავლეთით პოლონეთის, ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიებს მოიცავს. გერმანიაში ღვინიო ფართოდაა გავრცელებული სანაპიროებიდან ალპებამდე და მეტად ხშირია.[8] ავსტრიაში იგი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სოკოს სახეობად ითვლება.[9]

ღვინიოსგან განსხვავებით, Russula grisea ქუდი შედარებით უფრო ლურჯ-ნაცრისფერია, თუმცა დაკრავს იისფერი ან მწვანე ელფერი და გააჩნია ღია კრემისფერი ფირფიტები; იგი შერეულ ტყეებში, ძირითადად წიფლის ქვეშ იზრდება, უფრო იშვიათად კი — წიწვოვან ტყეებში. Russula olivacea-ს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს ჭრელი ქუდი, თუმცა იგი ყვითელ სპორებს წარმოქმნის.[10] მტრედიო მომწვანო ფერისაა და აქვს დატოტვილი ფირფიტები, ხოლო Russula versicolor მოყვითალო, დაუტოტავი ფირფიტები აქვს.[6]

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა.[11] გამოსადეგია ყველანაირი კულინარიული დამუშავებისთვის — იქნება ეს შეწვა, მოხარშვა, გაშრობა[12], დამარინადება თუ დამწნილება. გამხმარი სახით მას დიდი კულინარიული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მისი სხვა სოკოებთან ერთად შერევა სავსებით შესაძლებელია. მისი რბილობი ისეთი მაგარი არ არის, როგორც ბევრი სხვა საკვები ხრაშუნა სოკო. მას ნაზი,[10]

თხილისებრი გემო აქვს, თუმცა ხშირად ზიანდება ჭიების მიერ.[13] დათვისსოკოსთან ერთად დამარინადება მას განსაკუთრებულად კარგ გემოს სძენს.[14] სოკო მეტად ფასობს ევროპის ქვეყნებში, კერძოდ პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006.  გვ. 196, ISBN 99940-856-1-1.
  2. Russula cyanoxantha. Mycobank. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2026.
  3. Hans Kniep, Deutsche Botanische Gesellschaft: „Die Pilze Mitteleuropas”, Editura Hans Klinkkardt, Leipzig 1926, p. 97
  4. Porumbelul, ciuperca anului 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-04. ციტირების თარიღი: 2015-12-09.
  5. 1 2 3 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022.  გვ. 264, ISBN 978-9941-8-4547-5.
  6. 1 2 3 Audubon (2023). Mushrooms of North America. Knopf, გვ. 196. ISBN 978-0-593-31998-7. 
  7. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, s. 600, ISBN 83-89648-09-1.
  8. German Josef Krieglsteiner (Hrsg.), Andreas Gminder, Wulfard Winterhoff: Die Großpilze Baden-Württembergs. Band 2: Ständerpilze: Leisten-, Keulen-, Korallen- und Stoppelpilze, Bauchpilze, Röhrlings- und Täublingsartige. Ulmer, Stuttgart 2000, ISBN 3-8001-3531-0, S. 465.
  9. Mykologische Datenbank de. pilzdaten-austria.eu. Österreichische Mykologische Gesellschaft (2021). ციტირების თარიღი: 2023-11-03.
  10. 1 2 Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 108–109. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861. 
  11. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 137. ISBN 978-1-55407-651-2. 
  12. Russula cyanoxantha (Schaeff.) Fr.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2026.
  13. Arora, David (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Berkeley, CA: Ten Speed Press, გვ. 94–95. ISBN 978-0-89815-170-1. 
  14. Albert Pilát, Otto Ušák, Mały atlas grzybów, Warszawa: PWRiL, 1977, s. 67.