ღანირის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღანირის წმ. გიორგის ეკლესია

ღანირის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში. ეკლესიის მშენებლობა დაახლოებით 1780 წელს დაუწყიათ და 1804 წელს საბოლოოდ დასრულებულა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ერთნავიანია, ირგვლივ ხის ლამაზი სვეტებით და დერეფნითაა დამშვენებული. წინათ ყავრით ყოფილა გადახურული, ხოლო გასული საუკუნის დასაწყისში თუნუქით გადაუხურავთ. ეკლესია ეყრდნობა წაბლის ხის 6 სვეტს. ეკლესიის შენობა, რომლის სიგრძე 33 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე - 10 მეტრია ოვალური ფორმისაა, აგებულია თელისა და წაბლის ფიცრებისგან ყოველგვარი ლურსმნის გარეშე. გადმოცემის თანახმად, მშენებლები იყვნენ გვარად — კაკაბაძეები, ეკლესიის საშენი მასალა კი შესწირა ვინმე ელისბარ გოგიბერიძემ. შენობის ირგვლივ ქვის დიდი ფილებით მოპირკეთებული დახურული აივანია. ღანირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მისი სიძველით მთელს საქართველოშია ცნობილი. ამჟამად არსებული ტაძრის აშენებამდე აქ ყოფილა ქვითკირის პატარა ეკლესია, რომლის ნაშთებიც ახლაც არის შემორჩენილი.[1]

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის უნიკალურობას კიდევ უფრო ზრდის აქ შემონახული ხელოვნების უძველესი ნიმუშები — წარწერები და ხატები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი მხატვრულ-ისტორიული ღირებულებისააა, ვერცხლის უძველესი ჭედული ხატი - წმ. გიორგის გამოსახულებით X-XI საუკუნით თარიღდება. წმინდა გიორგის ხატი 30X25 დაფერილია ოქროს წყალში, (გარდა აშიებისა) და შემკულია 7 თვლით (აკლია ორი თვალი) რომელთაგან ერთს (ზემოთა აშიაზე მჯდომარეს) აქვს წარწერა. ქვედა აშიაზე ხატს აქვს წარწერა

ვიკიციტატა
„წ-ო დიდებულო მთავარ მოწამეო გიორგი, შემწე, მეოხ/ მცველ და მფარველ ეყავ დეკანოზს სვიმონს და მათეს, რომელთა შეამკეს ხატი ესე 1802“

ხატი ამჟამად საქართველოს ხელოვნებს მუზეუმში ინახება. ტაძარი შიგნიდან თითქოს ნოეს კიდობანს წააგავს. გარედან კოდობნის ნიშნები არ ეტყობა, ასეთი არქიტექტურის მქონდე ერთადერთი ტაძარია საქართველოში. ტაძარში ინახებოდა ნათლობის ემბაზი, რომელზეც შემდეგ წარწერას ამოიკითხავდით:

ვიკიციტატა
„წელსა 1872, მაისის 23 დღესა, შევწირე ემბაზი, მე დათიკა სიმონის ძე ცოტაძემ, ჩემი სულის სამეოხოდ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას“

ემბაზი დაიკარგა 2021 წელს ტაძრის გაძარცვის შემდეგ. ტაძარში ინახება უდიდესი წმინდანის გიორგის მუხლის ნაწილი. 2008 წლის 10 მაისს კანკელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები შეიცვალა მთლიანი კანკელი, გაკეთდა კაკლის ხის ახალი კანკელი. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10075

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სამტრედიის სოფელი ღანირი რუბრიკაში „ჩემი სოფელი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-12. ციტირების თარიღი: 2023-03-12.