შინაარსზე გადასვლა

ქიმერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქიმერა
არეცოს ქიმერა, ეტრუსკული ბრინჯაოს ქანდაკება

ქიმერა (Chimaira, "ნორჩი თხა", ლათ. Chimaera.) — ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველის ბოლო.[1] ჰესიოდეს მიხედვით ეს თავისებური საზარელი უწმინდური ტიფონისა და ექიდნეს ასულია, გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. ცხოვრობდა ფრიგიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში თუ კარიაში, სადაც თითქოს მეფე ამისუდაროსმა გაზარდა და ბელეროფონმა მოკლა ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით.

ხელოვნებაში ამ სახეს თვალსაჩინო ადგილი უკავია. უხვადაა კორინთულ და ატიკურ ვაზებზე, მონეტებზე. გამოსახულია ბრინჯაოს თასებზე. ეტრუსკებს ბრინჯაოს ქანდაკი ჩამოუსხამთ. განსაკუთრებით ფართოდ აისახება ბელეროფონტის და ქიმერას ბრძოლა, როგორც კეთილისა და ბოროტის, - ქრისტეს და ანტიქრისტეს შეტაკება. იყენებენ შენობის სამკაულად (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). წიგნის მხატვრობაში - ლომდრაკონია, ზურგზე თხის თავით, ან გველისკუდიანი ფრთოსანი ლომი (XII ს., ლუვრი), ან კიდევ ჰარპიების მსგავსი ფრთოსანი ქალია. ფლორენციის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება პირღია ლომი, ბრინჯაოს ქანდაკი, რომლის კუდიც გველია. ლომს კუდი აუდრეკია და ზურგზე ამოზრდილ გველისკისრიან თხის რქას ხრავს.

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983
  1. Peck, "Chimaera".