ქვეშეთის ლომისის ნიში
ქვეშეთის ლომისის ნიში — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში.
ლომისას ნიში მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის განაპირას. ნიში გადაყურებს სოფელ ბედონისკენ მიმავალ ხიდსა და სამანქანე გზას. იგი წარმოადგენს სწორკუთხა გეგმარების პოსტამენტს, რომლის ზედა ნაწილი წაკვეთილი ტრაპეციის ფორმისაა, სადაც აღმართულია ქვაში გამოთლილი ჯვარი. სამხრეთიდან დატანებული აქვს მართკუთხა მოყვანილობის, სანთლის დასანთები ნიში. ქვაჯვარის ზედა და განივი მკლავები დასრულებულია, სამყურასებრი, სამმაგი ნახევარწრიული ფორმებით. ჯვრის წინა პირზე, მცირე სიღრმის ვიწრო ღარით მონიშნულია გრაფიკული ჯვრის გამოსახულება, ცენტრში ჩაკვეთილი კვადრატული მოტივით და მკლავებზე დამატებით გავლებული თითო, პერპენდიკულარული ხაზით. მკლავებს შორის მოქცეული დიაგონალური მონაკვეთების ჩაკვეთილ ფონზე ჯვრის წახნაგოვანი, ცენტრალური ნაწილი რელიეფურად იკითხება. სავარაუდოდ, თავდაპირველად, ჯვარი იდგა პოსტამენტის უკან განთავსებულ მცირე ზომის, პატარა მრგვალი ქვებისგან შექმნილ კვარცხლბეკზე, რომელზეც კირის ხსნარის კვალი დღესაც შეიმჩნევა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35055