შინაარსზე გადასვლა

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსე

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია დაარსდა 1965 წელს თბილისში, როგორც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქცია. შედიოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1975 წლიდან საქართველოს სსრ გამსახკომის სისტემაშია. შედგება (1986 წლის მონაცემებით) 10 სამეცნიერო-დარგობრივი და 4 ფუნქციური რედაქციისგან. დარგობრივ რედაქციებთან შექმნილია სამეცნიერო-დარგობრივი საბჭოები და სექციები, რომლებიც სხვადასხვა დარგის ცნობილ მეცნიერებსა და სპეციალისტებს აერთიანებს. რედაქციამ მოამზადა და გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 11 ტომი (1975-1987 წწ) და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ (1981 წ. ქართულ და რუსულ ენებზე); აგრეთვე „ბერძნული და ლათინური სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985 წ.).

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იგეგმებოდა „მცირე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ გამოცემა 3 ტომად. მომზადებული იყო გამოსაცემად ენციკლოპედია „თბილისი“, „პოპულარული სამედიცინო ენციკლოპედია“, „სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია“ (3 ტომად); „მოკლე პოლიტიკური ლექსიკონი“. მთავარი რედაქტორი ირაკლი აბაშიძე.

1980-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში წიგნის ბეჭდვის საქმე გაართულა, ამიტომაც დაგეგმილი ენციკლოპედიებიდან დღის სინათლე ვერც ერთმა ვერ იხილა. მხოლოდ 1997 წელს მოხერხდა ენციკლოპედია „საქართველოს“ I ტომის გამოცემა (ტირაჟი უცნობია), ხოლო მეორე ტომი 2012 წელს დაიბეჭდა.