ქამელეონისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამელეონისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Chamaeleontidae

ქამელეონისებრნი (ლათ. Chamaeleontidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკების ქვერიგისა.მათი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. აქვთ შებრტყელებული გვერდები, მოკლე კისერი, როგორც წესი, გრძელი და მჭიდი კუდი, გრძელი ხუთთითიანი ფეხები, კეფაზე — ქედები და ბორცვები. ზოგიერთ სახეობას (უმთავრესად მამლებს) დინგზე უვითარდება ქერცლით დაფარული კანის გამონაზარდი. სხეული დაფარულია რქოვანი მარცვლებითა და ბორცვებით. დაფის აპკი არ გააჩნიათ. აქვთ დიდი თვალები დაფარული სქელი, ურთიერთშეზრდილი ქუთუთოებით, რომლებშიც პატარა ხვრელია გუგისათვის. ენა მეტად გრძელია და ხშირად სხეულის ნახევარს აღემატება, ღრუიანია და მშვიდ მდგომარეობაში — შეკუმშული. ენის ელვისებურ გამოსროლას განაპირობებს რგოლური კუნთების სწრაფი შეკუმშვა. ლავიწი არ გააჩნიათ. აქვთ მუცლის ნეკნები. უმრავლესობის ფილტვები ყრუ გამო9ნაზარდებით ბოლოვდება, რის გამოც ქამელეონისებრნი იბერებიან. განათების, ტემპერატურის გაღიზიანების საპასუხოდ ქამელეონისებრნი სწრაფად იცვლიან ფერს, რაც დაკავშირებულია სპეციალურ უჯრედებთან (ქრომატოფორებთან), რომლებიც შეიცავენ მუქ-ყავისფერ, მოწითალო და ყვითელ პიგმენტებს. ფერს იცვლის როგორც მთელი სხეული, ისე ცალკეული ნაწილებიც.

ოჯახში 4 გვარია, რომლებიც აერთიანებს 90-მდე სახეობას. გავრცელებული არიან უმთავრესად აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარზე, აგრეთვე სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ ძირითადად ხეებსა და ბუჩქებზე. საათობით არიან უძრავად ან მეტად თავისებურ მოძრაობებს (სხეულით ან თვალებით) ასრულებენ. იკვებებიან უხერხემლოებით, მსხვილი ფორმები — წვრილ-წვრილი ხერხემლიანებითაც. დებენ 15–80 კვერცხს. ზოგი კვერცხცოცხლადმშობია. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქამელეონი (Chamaeleontidae chamaeleon), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, სამხრეთ თურქეთსა და სირიაში. რამდენიმეჯერ ნაპოვნია სოხუმსა და ფოთში, რაც გემით ჩამოყვანით უნდა აიხსნას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: