ფრანკფურტის ლინგვისტური წრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფრანკფურტის ლინგვისტური წრეფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მუდმივმოქმედი ლინგვისტური წრე, რომელიც ძირითადად კავკასიოლოგიის სპეციალურ პრობლემებს მიმოიხილავს. დაარსდა 2010 წელს პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით.[1]

ფრანკფურტის ლინგვისტური წრე დაარსდა ფაკულტატიური სემინარების ბაზაზე, რომელსაც ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში ატარებდა მანანა თანდაშვილი კავკასიური ენების კვლევაში სტუდენტთა და დოქტორანტთა აქტიურად ჩაბმის მიზნით. 2010 წლიდან სემინარი გადაიქცა მუდმივმოქმედ აკადემიურ ორგანოდ და ეწოდა ფრანკფურტის ლინგვისტური წრე. ლინგვისტური წრის სხდომები რეგულარულად იმართება ზამთრისა და ზაფხულის სემესტრების დროს, კვირაში ერთხელ (პარასკევობით) და საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და დოქტორანტებს სადისკუსიოდ წარმოადგინონ რეფერატები, მოხსენებები, საკურსო, სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომები.[2]

ფრანკფურტის ლინგვისტური წრის მუდმივი წევრები არიან ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე აკადემიური პერსონალი: მანანა თანდაშვილი, ზაქარია ფურცხვანიძე, ლელა სამუშია, ნათია დუნდუა, თამარ ჯულუხაძე. სხვადასხვა წლებში ფრანკფურტის ლინგვისტური წრის წევრები იყვნენ უტა რიგერი, სუზანე შმიდტი. ფრანკფურტის ლინგვისტური წრე მიზანმიმართულად მუშაობს ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის სპეციალურ პრობლემებზე და აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ენათმეცნიერებთან.

2011 წელს ფრანკფურტის ლინგვისტურმა წრემ მანანა თანდაშვილისა და ზაქარია ფურცხვანიძის რედაქტორობით გამოსცა სამეცნიერო კრებული „Folia Caucasica“, რომელიც მიეძღვნა იოსტ გიპერტის იუბილეს. კრებულში შესულია ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების სტატიები.[3]

ფრანკფურტის ლინგვისტური წრის ერთ-ერთ მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო სკოლების ორგანიზება საქართველოში. იგი თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან. 2012 და 2013 წლებში ჩატარდა ბათუმის საზაფხულო სკოლები.[4]

ფრანკფურტის ლინგვისტური წრის ფარგლებში შემუშავდა დიდაქტიკური სცენარის „24 საათიანი სასწავლო სივრცე“ გამოყენების კონცეფცია კავკასიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]