იოსტ გიპერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოსტ გიპერტი
გერმ. Jost Gippert
Gippert.jpg
დაბ. თარიღი 12 მარტი 1956(1956-03-12)[1] (63 წლის)
დაბ. ადგილი Hattingen
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო იბეროკავკასიური ენები
მუშაობის ადგილი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მარბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

იოსტ გიპერტი (დ. 12 მარტი, 1956, ვინც-ნი­დერ­ვე­ნი­გერ­ნ­ი, გერმანია) — გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1994 წლიდან), პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1996), სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1997), ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2009), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2013).

სექციების სია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსტ გიპერტი დაიბადა 1956 წლის 12 მარტს გერმანიის ქალაქ ვინც-ნი­დერ­ვე­ნი­გერ­ნ­ში. 1972-1974 წლებში მარბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1974-1977 წლებში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა შედარებით ენათმეცნიერებას, იაპონოლოგიას, სინოლოგიას, ინდოლოგიას, აგრეთვე, სლავისტიკას, გერმანისტიკასა და კლასიკურ ფილოლოგიას. 1977 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ინფინიტიური კონსტრუქციების სინტაქსისათვის ინდოგერმანულ ენებში“. 1977 წლიდან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელია. 1982-1983 წლებში ვენის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულის, თოხარულისა და ინდოგერმანული სინტაქსის შესახებ. 1983 წელს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანულ კომისიაში მუშაობდა, პარალელურად კითხულობდა ლექციებს ზალცბურგის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტებში. 1984 წელს კვლავ დაუბრუნდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს და 1990 წლამდე მუშაობდა ასისტენტ-პროფესორად. 1990 წლიდან იგი ბამბერგის უნივერსიტეტში მოღვაწეობს ირანისტიკის ფაკულტეტზე, 1991 წელს დაიცვა მეორე დისერტაცია სომხური და ირანული ნასესხობების შესახებ ქართულში (IranicaArmeno-Iberica). 1994 წლიდან სათავეში ჩაუდგა მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტის სენატორი. იოსტ გიპერტი 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.

სამეცნიერო კვლევის ინტერესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტ გიპერტი და მზექალა შანიძე

იოსტ გიპერტი შედარებითი ენათმეცნიერების სპეციალისტია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ენათა განსხვავებულ ოჯახებს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ინდოევროპული ენების ელექტრონული თეზაურუსის შექმნაზე და ამ მიზნით მრავალი ენის ტექსტურ მონაცემთა ბაზა აქვს შექმნილი, როგორიცაა ინდური ენები (ვედური, სანსკრიტი, ფალი, ჰინდი, მალდივური ), ირანული ენები (ავესტა, ძველი, საშუალი და ახალი სპარსული, პართიული, სოგდური, ხოტან-საკური, ბაქტრული, ოსური, ზაზაკი), ანატოლიური (ხეთური, ლუვიური, ფალაური), თოხარული A და B (აღმოსავლური და დასავლური თოხარული), სომხური, ბალტიური ენები (ძველი პრუსიული, ლატვიური, ლიტვური), სლავური ენები (ძველი საეკლესიო სლავური, ჩეხური, პოლონური, ხორვატული, სორბული, ბულგარული), გერმანიკული ენები (გოთური, ძველი ფრიზული, ძველი საქსონური, ქვემო გერმანული, ძველი, საშუალო და ახალი გერმანული, ძველი ინგლისური, ძველი და საშუალო ჰოლანდიური), ბერძნული (მიკენური და კლასიკური ბერძნული), იტალიკური ენები (ლათინური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური), კელტური ენები (ძველი ირლანდიური, საშუალუელსური, საშუალბრეტონული, ლეპონტური), სემიტური ენები (ებრაული, არაბული, სირიული, ეთიოპური), ფინო-უნგრული ენები (ფინური, უნგრული), თურქული ენები (ძველი თურქული, ყარაჩაული, ბალყარული, აზერბაიჯანული), დრავიდული ენები (თამილი), სინოტიბეტური ენები (ჩინური).

იოსტ გიპერტი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაინტერესდა კავკასიური ენებით. წლების განმავლობაში მუშაობდა ძველ, საშუალ და ახალ ქართულში, სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურში, ადიღეურში და ყაბარდოულში, წოვა-თუშურში, ჩეჩნურში, უდიურში, ხუნძურში. გერმანულად თარგმნა და კომენტარები დაურთო გიორგი კლიმოვის წიგნს "კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი" (1993). 1999 წელს იოსტ გიპერტის რედაქტორობით გამოიცა ზურაბ სარჯველაძისა და ჰაინც ფენრიხის "ძველი ქართული ენის ლექსიკონი" გერმანულად.

კავკასიური ენების კვლევის პროცესში ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართველ მეცნიერებთან და დიდად შეუწყო ხელი ევროპასთან საქართველოს სამეცნიერო ინტეგრაციას. იოსტ გიპერტის მიერ ინიცირებულ სამეცნიერო პროექტებში, რომელსაც მანანა თანდაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა, ძველი და ახალი თაობის არაერთი ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა: მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ვახტანგ იმნაიშვილი, ზურაბ სარჯველაძე, ზაზა ალექსიძე, იზა ჩანტლაძე, მაია მაჭავარიანი, ბელა შავხელიშვილი, დარეჯან თვალთვაძე, მარინე ბერიძე, კახა გაბუნია, ლალი ეზუგბაია, ტარიელ სიხარულიძე და სხვ.

იოსტ გიპერტის მოღვაწეობის დიგიტალური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსტ გიპერტი დიგიტალური ჰუმანიტარიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ენათა ელექტრონული ბაზებითა და კვლევის კომპიუტერული საშუალებების შესწავლით იგი 1985 წლიდან დაინტერესდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ინდოევროპული ენებისათვის დიგიტალური ბაზების შექმნა, რომელმაც სულ მალე მასშტაბური პროექტის სახე მიიღო. ინდოევროპული ენების ელექტრონული თეზაურუსის TITUS (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) შექმნით მან მყარი საფუძველი მოუმზადა ინდოევროპული ენების თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით კვლევას. 2001 წლიდან არის გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების „კომპიუტერული ლინგვისტიკა და ენის ტექნოლოგიები“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2005 წლიდან კი ნეიმეხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის არქივის სამეცნიერო-სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობს ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ენათა ელექტრონული დოკუმენტაცია“ მეთოდოლოგიური ასპექტების შემუშავებაში. 2011 წლიდან სათავეში უდგას ჰესენის მიწის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო პროექტს „დიგიტალური ჰუმანიტარია“ (LOEWE - Digital Humanities).

იოსტ გიპერტის წვლილი ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსტ გიპერტი და ალიოშა ბაკურაძე, 14.09. 2013

პროფ. იოსტ გიპერტი კარგა ხანია დაინტერესებულია ქართველური და კავკასიური ენებით. იგი შესანიშნავად ფლობს ძველსა და ახალ ქართულს, სვანურს, მეგრულსა და ლაზურს. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მისი პირველი მონოგრაფია ქართველოლოგიის სფეროში „სამი სვანური ფონოგრამა“ (1986) და ორტომეული „Iranica Armeno-Iberica - ირანულიდან ნასესხები სიტყვები სომხურსა და ქართულში" (ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, ვენა, 1993). ნაშრომში ძველი ქართული ენის ძეგლების გამოწვლილვითი ანალიზის შედეგად გამოვლენილია ირანული ლექსიკური ერთეულები, დადგენილია ქართულში მათი შემოსვლის გზები და გავრცელება. იოსტ გიპერტი ასაბუთებს იმ თვალსაზრისს, რომ ბევრი ლექსემა ქართულში უშუალოდ ირანულიდან არის ნასესხები და არაა შემოსული სომხურის გზით, როგორც ამას სპეციალისტები მანამდე ვარაუდობდნენ.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ინტენსიურად დაიწყო მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების დიგიტალიზაციის საკითხებზე და მჭიდროდ თანამშრომლობდა ვახტანგ იმნაიშვილთან და ზურაბ სარჯველაძესთან. ქართული შრიფტების სტანდარტიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მანანა თანდაშვილთან და შეძლო სტანდარტების საერთაშორისო კონსორციუმის უნიკოდის (UNICODE) წარმომადგენლების დარწმუნება ქართული შრიფტების, განსაკუთრებით ნუსხა-ხუცურის სტანდარტიზაციის აუცილებლობაში.

უაღრესად დიდია იოსტ გიპერტის წვლილი გერმანია-საქართველოს სამეცნიერო კონტაქტების გაფართოებასა და გაღრმავებაში. 1999 წლიდან დღემდე 10-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი განახორციელა ქართველ კოლეგებთან ერთად ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველური და კავკასიური ენების ელექტრონული დოკუმენტაციის მიზნით შექმნილი საინტერნეტო პლატფორმა „არმაზი“.

უკანასკნელ წლებში იოსტ გიპერტი დაინტერესდა კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტებით და პირველმა გამოიყენა პალიმფსესტების გაშიფვრისათვის უახლესი ტექნოლოგიური საშუალება - მულტისპექტრალური აპარატი MuSIS (Multispectral Imaging System). მან დიდი ღვაწლი დასდო ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი ქართული პალიმფსესტების ქვედა ფენის გაშიფვრას. ზურაბ სარჯველაძესა და ლამარა ქაჯაიასთან თანამშრომლობით 2007 წელს გამოსცა „ვენის N2 ძველი ქართული პალიმფსესტური ხელნაწერი“, ხოლო ზაზა ალექსიძესთან, ვოლფგანგ შულცესა და ჟან-პიერ მაესთან თანაავტორობით 2010 წელს გამოსცა „კავკასიელ ალბანელთა პალიმფსესტები სინას მთიდან“.

პუბლიკაციები ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპატიო დოქტორები: ბერნარ უტიე, იოსტ გიპერტი, ვინფრიდ ბოედერი, 2009

ქართულსა და უცხოურ პრესტიჟულ ჟურნალებსა და კრებულებში იოსტ გიპერტმა სხვადასხვა ევროპულ ენაზე გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი სტატიები: „ქართულის ისტორიული ონომასტიკის შესახებ“ (1984); „ქართული წყაროები ბულგარეთის ისტორიის შესახებ“ (1985); „ძველი სომხური და კავკასიური კალენდრის სისტემები“ (1986), „თვეების სახელწოდებები ძველ ქართულში“ (1988); „სვანური ხალხური სიმღერების სტრუქტურული ასპექტები“ (1992); „საშუალი ირანულიდან ნასესხები სიტყვები ძველ ქართულში“ (1992), „ლათინური ლექსიკა კავკასიაში“ (1993), „სპარსული ეპოსი ვისისა და რამინის შესახებ და ქართული „ვისრამიანი“ (1994), „გლოტალური თეორია და ადრინდელი ინდოევროპულ-კავკასიური ენობრივი კონტაქტების საკითხისათვის“ (1995), „შედარებითი ხარისხის ისტორიისათვის ქართულში“ (1999 - 2000); „ქართული ლექსიკოგრაფიის ახალი გზები“ (2003); „წმინდა ნინოს ლეგენდა: განსხვავებულ წყაროთა კვალი“ (2006); „სიახლენი ხანმეტობიდან“ (2009); „ახლად ნაპოვნი ხელნაწერები წმინდა ეკატერინეს მონასტერში “ (2010-2013) და სხვ.

კავკასიოლოგიის კვლევის ცენტრი გერმანიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსტ გიპერტის ინიციატივით 2002 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიოლოგიის კათედრა, რომელიც ევროპაში კავკასიოლოგიის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. დღეისათვის ფრანკფურტის უნივერსიტეტში იკითხება ისეთი ქართველოლოგიური დისციპლინები, როგორიცაა: ძველი ქართული, ახალი ქართული, მეგრული და ლაზური, სვანური, კავკასიის ალბანური, უდიური ენა, ხუნძური ენა, აფხაზური ენა, შედარებითი ქართველოლოგია, შესავალი კავკასიოლოგიაში, კავკასიის ხალხები და ენები, ბრუნების ტიპოლოგია კავკასიურ ენებში, კავკასიოლოგიის სპეციალური პრობლემები, კორპუსის ლინგვისტიკა კავკასიური ენების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით და სხვ. კავკასიური ენების სწავლება ფრანკფურტის უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების უახლეს მეთოდებს ემყარება. დაარსებიდან დღემდე კათედრას პროფ. მანანა თანდაშვილი ხელმძღვანელობს. უკანასკნელ წლებში ფრანკფურტის უნივერსიტეტში ოთხმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია კავკასიოლოგიის საკითხებზე.

იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან. 2013 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული იყო სალექციო კურსის წასაკითხად “კავკასიის ალბანების ენა და დამწერლობა”. ასევე თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მისი ინიციატივით 2011 წელს ხელი მოეწერა ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შემოღებას, საზაფხულო სკოლების ჩატარებასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. ამ მემორანდუმის ფარგლებში 2012 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება ბათუმის საზაფხულო სკოლა კორპუსის ლინგვისტიკასა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემების შესახებ, რომელსაც ფრანკფურტის ლინგვისტური წრე კურირებს.

იოსტ გიპერტი არის მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრი, მათ შორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1996), მინიჭებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1997), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (2009) და ბათუმის შოთა რისთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2013) საპატიო დოქტორის წოდება.

ქართული ენის ეროვნული კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპიუტერული ლინგვისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენა იოსტ გიპერტმა ქართული ენის ელექტრონული კორპუსის შექმნისათვის. 2011 წელს მანანა თანდაშვილთან თანაავტორობით შეიმუშავა ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნის კონცეფცია, რომელსაც სამეცნიერო პროექტის სახე მიეცა და 2012 წელს ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagen Stiftung) მიერ საპილოტო პროექტის სტატუსით დაფინანსდა. ამჟამად პროფ. იოსტ გიპერტი ხელმძღვანელობს "ქართული ენის ეროვნული კორპუსის" პროტოტიპული ვერსიის შექმნას.

საერთაშორისო პროექტები ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musis
  • არმაზი - კავკასიური ენები და კულტურები: ელექტრონული დოკუმენტაცია - 1999-2002 (ფოლკსვაგენის ფონდი);
  • ეკლინგი - საფრთხეში მყოფი კავკასიური ენები საქართველოში - 2002-2005 (ფოლკსვაგენის ფონდი);
  • კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში" (12-14 დეკემბერი, 2003 წ. ფრანკფურტი);
  • კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები - 2004-2006 (ფოლკსვაგენის ფონდი);
  • სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში - 2005-2007 (ფოლკსვაგენის ფონდი);
  • მათესა და მარკოზის სახარების ხელნაწერთა კრიტიკული გამოცემა - 2006-2009 (ინტასი);
  • ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები - 2009-2012 (ფოლკსვაგენის ფონდი);
  • ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის "ევროპასა და აზიას შორის - შუა აზია და კავკასია მეცნიერების ფოკუსში" შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია (17-21 მაისი 2010 წ. თბილისი).
  • ქართული ენის ეროვნული კორპუსი - ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნა - 2012 წლიდან (ფოლკსვაგენის ფონდი).
  • რადიოპროექტი „26 რჩეული“ (ნინო დათუკიშვილის საავტორო გადაცემის ფარგლებში) - ფოლკსვაგენის ფონდის მიერ საქართველოში დაფინანსებული სამეცნიერო პროექტების რადიომიმოხილვა.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია

იოსტ გიპერტი აქტიურად იღვწის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის გერმანიაში. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის დაარსების პირველივე დღიდან არის სალონის მიერ გერმანულად გამოცემული თარგმანების მთავარი რედაქტორი. ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს ქართული ლირიკის ნიმუშები (გალაქტიონ ტაბიძე, რატი ამაღლობელი). 2010 წლიდან ქართული ლიტერატურის საღამოები მიჰყავს წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე ფრანკფურტსა და ლაიფციგში. მანანა თანდაშვილთან ერთად გერმანიაში გამოსცა ქართველი მწერლების ნაწარმოებები:

  • Georgische Gegenwartsliteratur, Reichert Verlag, Wiesbaden, 2010
  • Techno der Jaguare, Frankfurter Verlagsanstalt, Frankfurt a/M, 2012
  • Der Geschmack von Asche – Erzählband von Beso Chwedelidze, Literaturverlag Leipzig, 2013

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსტ გიპერტს ჰყავს მეუღლე - ენათმეცნიერი, ინდოლოგი, პროფესორი სონია გიპერტ-ფრიცი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგრაფიები (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატიები (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო პროექტები (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012: “Georgian National Corpus” Project (Volkswagen Foundation, EUR 390,400)
  • 2011: “Khinalug Documentation Project” (Volkswagen Foundation, EUR 299,600)
  • 2010: LOEWE Research Unit “Digital Humanities” (State of Hesse, EUR 3,792,000)
  • 2010: “Corpus Caucasicum” Project (Google Inc., US $ 49,600)
  • 2009: “Aché Documentation Project” (Volkswagen Foundation, ca. EUR 400,000)
  • 2009: “RELISH” Project (DFG, ca. EUR 96,000)
  • 2008: “Old German Reference Corpus” Project (DFG, ca. EUR 240,000)
  • 2006: “The Sociolinguistic Situation of Present-Day Georgia” Project (Volkswagen Foundation, EUR 189,000)
  • 2003: “Endangered Caucasian Languages in Georgia” Project (Volkswagen Foundation, EUR 167,800)
  • 1999: “Caucasian Languages and Cultures: Electronic Documentation” Project (Volkswagen Foundation, EUR 117,900)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერნეტო რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეცენზიები გერმანულად ნათარგმნ ლიტერატურაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]