ფორტიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფორტიფიკაცია (ლათ. fortificatio — „გამაგრება“, „სიმაგრე“) — სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების დარგი, მოიცავს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარინობის ამაღლების, მტრის დამაზიანებელი საშუალებებისაგან ჯარების, მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის ობიექტების დაცვის მიზნით საომარი თეატრისა და ქვეყნის ტერიტორიის როგორც წინასწარი, ისე ომის მსვლელობაში გამაგრების თეორიასა და პრაქტიკას.

ფორტიფიკაცია ორი სახისაა: საველე (საჯარისო) და ხანგამძლე. პირველი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბრძოლის (ოპერაციის) საჭიროებისათვის თავდაცვითი ზოლების, ზღუდეების, საწყისი რაიონების ჯარების სადგომი რაიონების, ბირთვული და სხვა იარაღის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად საველე ნაგებობების მოწყობის თაობაზე. მეორე განიხილავს საომარი მოქმედების თეატრისა და ქვეყნის ტერიტორიის წინასწარი ფორტიფიკაციიული მომზადების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს.

თავდაცვით სიმაგრეებს უძველესი დროიდან იყენებდნენ. თავდაპირველად გაჩნდა უმარტივესი ნაგებობები: მიწაყრილები, ქვაზვინები, მშრალი ან წყლით სავსე თხრილები. ტყიან მხარეებში მიწაყრილებს აძლიერებდნენ ხირხალითა და ძელყორით, სხვაგან ქვის, აგურის გალავნებს აგებდნენ. ამგვარ სიმაგრეთა აგების ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა ძველ ეგვიპტეში (მემფისის სიმაგრე), მესოპოტამიაში (ბაქტრა), ჩინეთში (დიდი ჩინეთის კედელი), ასურეთში, ბაბილონში, ურარტუში, საქართველოში (მცხეთის 4 ციხესიმაგრე). დასახლებათა და ქვეყნის საზღვრების დასაცავად საველე სიმაგრეებსაც იყენებდნენ (მესერები, ხერგილები, სხრტეები). XI-XV საუკუნეებში ევროპაში გაიზარდა ციხესიმაგრეების, გამაგრებული ქალაქების და მონასტრების მშენებლობა. ამ ხანებში შემოიღეს ტერმინი „ფორტიფიკაცია“. ფორტიფიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგმა სამხედრო ინჟინერმა ს. ვობანმა, ჰოლანდიელმა სამხედრო ინჟინერმა მ. კეგორნმა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამ ზღუდეთა კონსტრუქციების შეცვლა და ციხესიმაგრეთა რეკონსტრუქცია გამოიწვია. XV საუკუნეში ფორტიფიკაციაში შევიდა გზების, ხიდების მშენებლობა, დაბრკოლებათა მოწყობა. რუსეთში ფორტიფიკაცია ვითარდებოდა ადგილობრივი პირობებისა და უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით. XI-XVI საუკუნეებში რუსეთის ფორტიფიკაციის შედევრები (მოსკოვის, ნოვგოროდისა და ფსკოვის კრემლები) დასავლეთის ფორიფიკაციაზე მაღლა იდგა. ფორტიფიკაციულ სიმაგრეებს ფართოდ იყენებდნენ 1812 ბოროდინოს ბრძოლაში (შევარდინოს რედუტი, ბაგრატიონის ფლეშები). 1854-1855 წლებში სევასტოპოლის დაცვისას პირველად ააგეს 1000-1500 მ სიგანისგამაგრებული ზოლი. მას შემდეგ რაც გაჩნდა დაკუთხვილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გაიზარდა საველე სიმაგრეების (სანგრები, ბლინდაჟები, სამალავები) როლი. საჭირო გახდა ჯარების აღჭურვა სასანგრე იარაღებით. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) წინ სსრკ-ის საზღვრებზე არსებული ციხე-სიმაგრეების ნაცვლად შეიქმნა გამაგრებული რაიონები. ყველა ქვეყნის ფორტიფიკაციაში დაინერგა რკინაბეტონისა და ჯავშნიანი კონსტრუქციები. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დასწყისში დაინერგა თავდაცვითი ზღუდეებისა და ხაზების შექმნის პრაქტიკა. 1943 წლიდან საბჭოთა ჯარების გამაგრებული პოზიციების ძირითად ელემენტებს წარმოადგენდა ძელმიწურები, ყორე-ბეტონითა და რკინაბეტონის ნაკეთობებით გამართული ტრანშეები და სანგარსასვლელები. რაკეტულ-ბირთვული იარაღის გაჩენის გამო ფორტიფიკაციის ამოცანები გაფართოვდა და გართულდა. ჩაისახა საველე ნაგებობების უნიფიკაციის ტენდენცია. მათ ასაგებად ფართოდ იყენებენ სამრეწველო წესით დამზადებულ ასაწყობ-დასაშლელ კონსტრუქციებსა და მექანიზმებს. ხანგამძლე ფორტიფიკაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონოლითურ და ასაწყობ რკინაბეტონის კონსტრუქციებს. ფორტიფიკაციას კვლავაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ყველა სახის საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]