ფიქრისგორის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიქრისგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე, სამთავროს ველის არქეოლოგიური კომპლექსის ნაწილი. გაითხარა 1975 (ხელმძღვანელი ანდრია აფაქიძე), 2014 და 2016 (ხელმძღვანელი ნიკოლოზ მაისურაშვილი) წლებში.

ფიქრისგორა წარმოადგენს სხალტბა-შიომღვიმის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას და თავზე დაჰყურებს სამთავროს მონასტერს. ამჟამად ეს ტერიტორია მთლიანად მოქცეულია და ათვისებულია მცხეთის თანამედროვე განაშენიანების ფარგლებში. ფიქრისგორაზე 1975 წელს მცხეთის რაიონული საავადმყოფოს, ხოლო 2014 და 2016 წლებში კერძო მშენებლობების დროს გამოვლინდა და გაითხარა 175 სხვადასხვა ტიპის სამარხი, რომელიც ტიპურია „დიდი მცხეთის“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვა საკრძალავებისა. ძირითადად გათხრილია ქვასამარხები, ასევე ქვის კვადრებით ნაგები აკლდამა, კომბინირებული სამარხი, თიხისფილასამარხები, ორმოსამარხები და სამარხის ნაშთები. სამარხებიდან 75 ინდივიდუალურია (აქედან 16 ბავშვისაა), დანარჩენი 88 — კოლექტიური.

სამაროვანზე გაბატონებულია მიცვალებულთა დაკრძალვა გულაღმა, თავით დასავლეთით. 85 სამარხში აღმოჩნდა ინვენტარი: სანელსაცხებლებლები, მშვილდსაკინძები, საკინძები, საყურეებით, საკიდები, აბზინდები, ბეჭდები, კილიტი, სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, მძივები, საკულტო დანიშნულების ნივთები, იარაღი და მასთან დაკავშირებული დეტალები და მონეტები (ძირითადად სასანური). გათხრილი სამარხები ძირითადად ახ. წ. IV-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა სამარხები ცალკეულ შემთხვევებში XI საუკუნეშიც გამოუყენებიათ (ამაზე მიუთითებს ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი კონსტანტინე VIII-ის ბიზანტიური მონეტა), ხოლო ნაწილი — XIX საუკუნეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]