სამთავროს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამთავროს ველი)
სამთავროს სამაროვანი
სამთავროს სამაროვანი
აკლდამა 905
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სამთავროს სამაროვანიძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანის — ახ. წ. X საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი, ძვ. მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს (ფართობი დაახლოებით 18 ჰა). ძეგლი აღმოჩნდა შემთხვევით, როდესაც XIX საუკუნეში დაიწყეს საქართველოს სამხედრო გზის გაყვანა სამთავროს მიდამოებში. აკლდამებში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალები გადაიტანეს კავკასიის მუზეუმში. აღნიშნული აკლდამები გადაღებული და გამოქვეყნებული აქვს ფოტოგრაფ ედუარდ ვესტლის[1].

სამთავროს სამაროვანს 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[2].

ძეგლის შესწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრების დროს (XIX საუკუნის 70—80-იანი წლები ფ. ბაიერნი; ფართო მასშტაბით 1938 წლიდან, ა. კალანდაძე) შესწავლილია 3000-მდე სხვადასხვა ტიპის სამარხი და დადგენილია ძეგლის სტრატიგრაფია. უძველესი კულტურული ფენა (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა) შეიცავდა არქაულ კერამიკას, ქვის იარაღსა და შენობათა დამწვარ ნაშთებს. შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხებში (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) ნაპოვნია ბრინჯაოს იარაღი, მძივები, ოქროს სამკაული და სხვა. განსაკუთრებით მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანისა (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი) და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. IX—V საუკუნეები) ორმოსამარხებში.

მათში იყო გაპრიალებული გეომეტრიულორნამენტიანი და მოჭიქული კერამიკა, ბრინჯაოსა და კრინის იარაღი, ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები, ბრინჯაოს, ძვლის, სარდიონის, აქატისა და სხვა სამკაული, ბრინჯაოს ცხოველთა ქანდაკებები და მრავალი სხვა ნივთი. ქვევრსამარხები თარიღდება ძვ. წ. II—I საუკუნეებით, ხოლო ქვის სამარხები, სარკოფაგები, კრამიტსამარხები, ქვათლილებით ნაგები აკლდამები, თიხის ფილასამარხები და აგურსამარხები I–III საუკუნეებით.

აკლდამა 905[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ აკლდამაში ერთმანეთის პირისპირ ორი ჩონჩხი ესვენა. თავდაპირველად 45-50 წლის ქალბატონი დაუკრძალავთ, მოგვიანებით - 25-30 წლის ახალგაზრდა ქალი. ძვირფასი ნივთების სიმრავლე, რომლებიც გარდაცვლილთ ჩაატანეს (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში), მეტყველებს ამ ქალბატონების წარჩინებულობაზე. ვერცხლის ლანგარი პართულ არამეულზე გამოყვანილი წერტილოვანი წარწერით:

ვიკიციტატა
„უფლისწული თირიდატი [ეს ლანგარი] მისი საკუთარია“

მიუთითებს, რომ განსვენებულნი ქართლის სამეფო ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.

ნაპოვნია მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები (ბერძნული და ებრაული წარწერები), მხატვრული ხელოსნობის ნამუშევრები, მრავალრიცხოვანი სამკაული (ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, საკიდები, მრავალნაირი ქვით შემკული მედალიონები, გემები და სხვა), ვერცხლისა და მინის მხატვრული ჭურჭელი.

IV–IX საუკუნეების ქვაყუთებსა და თიხის სარკოფაგებში აღმოჩენილი მასალა ასახავს ადრინდელ ფეოდალურ ურთიერთობებს. მრავლადაა აღმოჩენილი მინის ადგილობრივი ჭურჭელი.

სამთავროს გათხრების შედეგად შესაძლებელი გახდა როგორც მცხეთის, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიური სქემის დადგენა 3 ათასწლეულის მანძილზე.

საცხოვრებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის საცხოვრებლის ნაშთები, რომლებიც გვიან ანტიკური სამარხების კულტურული შრის ქვეშ აღმოჩნდა, ქართველთა იმდროინდელი ყოფისა და ჩვეულებათა არაერთ საიდუმლოს გვიზიარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალანდაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 11.
  • კალანდაძე ა., სამთავროს წინაანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები, მცხეთა IV, თბ., 1980;
  • ოქროპირიძე ნ., ბრინჯაოს თავხვია საკინძები სამთავროს ორმოსამარხებიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 141-152.
  • ლემლეინი გ., სამტავროს სამაროვნის ქვის მძივები // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 210-212.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18581

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]