ფილხნერის შელფური მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილხნერის შელფური მყინვარი
Filchner-ronne-schelfeis.jpg
კოორდინატები: 77°51′33″ ს. გ. 61°17′57″ დ. გ. / 77.85917° ს. გ. 61.29917° დ. გ. / -77.85917; -61.29917
ქვეყანა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიგრძე 450 კმ
სიგანე 200 კმ
სისქე 700 
ტიპი შელფური მყინვარი
ფილხნერის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
ფილხნერის შელფური მყინვარი

ფილხნერის შელფური მყინვარიშელფური მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში, უედელის ზღვის სანაპიროზე, ლუიტპოლდის ნაპირსა და ბერკნერის კუნძულს შორის. იჭრება უედელის ზღვაში. 1960-იანი წლების ბოლომდე ეს სახელწოდება ვრცელდებოდა ახლომდებარე რონეს შელფურ მყინვარზეც. თავდაპირველად სახელწოდება „ფილხნერი“ გავრცელდა მთლიანად ამ რაიონში არსებულ შელფზე, მათ შორის იმ დიდ სივრცეზე, რომელიც ბერკნერის კუნძულიდან დასავლეთით ვრცელდებოდა, რომელსაც ამჟამად რონეს შელფური მყინვარი ეწოდება. ეს ორი შელფი შეიძლება მხოლოდ ბერკნერის კუნძულზე დაიყოს, რის გამოც სახელწოდება ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარი ხშირად ვრცელდება მთელი ყინულის მასის აღსანიშნავად და მასში მოიაზრება ორი შელფური მყინვარი.[1]

ფილხნერის შელფური მყინვარი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 200 კმ-ზე. სიმაღლე განაპირა მხარეს დაახლოებით 30 მ, ცენტრალურ ნაწილში 70-120 მ, ყინულის სისქე შესაბამისად 200 და 450-700 მ. დაახლოებით ყოველ 15-20 წელს მყინვარის კიდეს წყდება გიგანტური აისბერგები, რომელთაგან ერთ-ერთმა 1986 წელს ოკეანეში თან წაიღო საბჭოთა სამეცნიერო სადგური დრუჟნაია-1.[2]

ფილხნერის შელფური მყინვარი აღმოაჩინა ვილჰელმ ფილხნერის გერმანულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1912 წელს და სახელი ეწოდა მის პატივსაცემად. სხვადასხვა დროს მყინვარზე მოქმედებდა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და არგენტინის სამეცნიერო სადგურები. ფილხნერის შელფური მყინვარის ჩრდილოეთ ნაწილში, უედელის ზღვის სანაპიროზე 1956-57 წლებში მოქმედებდა ინგლისის სამეცნიერო სადგური შეკლტონი, 1957-62 წლებში სადგური ელსუორთი, რომელიც თავდაპირველად აშშ-ს ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ არგენტინას, მყინვარის სამხრეთ ნაწილში 1965-69 წლებში მოქმედებდა არგენტინის სადგური სობრალი.[3] მყინვარზე ამჟამად მოქმედებს არგენტინის სადგური ბელგრანო II. 1998 წელს ფილხნერის შელფურ მყინვარს მოწყდა იმ დროისათვის უდიდესი აისბერგი A-38 ფართობით 6900 კმ².[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]