ფილიპ ჰეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპ ჰეკი

ფილიპ ჰეკი (გერმ. Philipp Heck; დ. 22 ივლისი 1858, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 28 ივნისი, 1943, თიუბინგენი, გერმანია) — გერმანელი იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპ ჰეკი დაიბადა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 1858 წელს. 1870 წლიდან იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ვისბადენში. 1879 წელს ჰეკი შეუდგა მათემატიკის სწავლას ლაიფციგის უნივერსიტეტში. ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მან სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე. 1889 წელს ფილიპ ჰეკმა დიცვა როგორც სადოქტორო ასევე საჰაბილიტაციო დისერტაცია ბერლინის უნივერსიტეტში. 1891 წლიდან იგი იყო სხვადასხვა უნივერსიტეტები პროფესორი (გრაიფსვალდი 1891—1892, ჰალე 1892—1901, თიუბინგენი 1901—1928). 1911—1912 წლებში ჰეკს ეკავა თიუბინგენის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.

ჰეკმა სახელი გაითქვა ნაშრომებით სამართლის მეთოდოლოგიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ე. წ. ინტერესთა იურისპრუდენციას. ნაშრომში „Das Problem der Rechtsgewinnung“ მან მწვავედ გააკრიტიკა იმ დროისათვის გაბატონებული მეთოდოლოგიური მიმდინარეობა (ე. წ. ცნებათა იურისპრუდენცია), რომელიც კანონში ხარვეზების შევსებას ცნებების მეშვეობით ცდილობს. ჰეკის აზრით სამართლის ნორმების საფუძველი საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილის წარმოდგენებია მატერიალური, სულიერი და რელიგიური ღირებულებების შესახებ. ამ წარმოდგენებს და შესაბამის მოთხოვნილებებს ჰეკი უწოდებს ზოგადად ინტერესებს. სამართის ნორმები წყვეტენ ინტერესთა კონფლიქტებს, რომელნიც აუცილებლად არსებობენ საზოგადოებაში. ამდენად სამართლის ნორმების განმარტებისა და განვრცობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ არა ცნებებს, არამედ ინტერესთა შეფასებებს, რომელნიც კანონშია მოცემული. სწორედ ამ ინტერესთა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს იმის დადგენა არსებობს თუ არა ხარვეზი სამართალში და როგორ უნდა შეივსოს იგი. ჰეკი თავის მეთოდოლოგიურ შრომებში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მოსამართლის და ზოგადად სამართლის ნორმების ინტერპრეტატორის მოვალეობას, იხელმძღვანელოს არა საკუთარი ფასეულობებით არამედ ფასეულობების შესახებ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც კანონშია დაფიქსირებული. „კანონის ერთგულების პრინციპი არ ითმენს გამონაკლისებს“. მოსამართლეს მოეთხოვება კანონის „გონივრული მორჩილება“ („Denkender Gehorsam“). ჰეკის მეთოდოლოგიურმა თხზულებებს დიდ წარმატება ხვდათ წილად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნაშრომი „კანონის ახსნა-განმარტება და ინტერესთა იურისპრუდენცია“ (1914). ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის დროს ჰეკი თანდათან დავიწყებას მიეცა, რადგან ნაციონალ-სოციალისტური სამართალმცოდნეობის წარმომადგენლები (ლარენცი, ფორსტჰოფი, შმიტი) ჰეკის მეთოდოლოგიას ზედმეტად „ლიბერალისტურად“ და „არახალხურად“ მიიჩნევდნენ. ომის შემდგომ პერიოდში კვლავ სათანადოდ იქნა დაფასებული მისი ღვაწლი.

ფილიპ ჰეკის მეცნიერულ მემკვიდრეობას მიეკუთვნებიან ასევე დღეისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაშრომები სამოქალაქო სამართალსა და სამართლის ისტორიაში.

რჩეული თხზულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლის მეთოდოლოგია

  • 1912 Das Problem der Rechtsgewinnung
  • 1914 კანონის ახსნა-განმარტება და ინტერესთა იურისპრუდენცია (AcP, 112, 1-118)
  • 1932 ცნებათა ჩამოყალიბება და ინტერესთა იურისპრუდენცია

სამოქალაქო სამართალი

  • 1929 Grundriß des Schuldrechts
  • 1930 Grundriß des Sachenrechts

სამართლის ისტორია

  • 1927 Die Standesgliederung der Sachsen im frühen Mittelalter

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heinrich Schoppmeyer, Juristische Methode als Lebensaufgabe, Leben Werk und Wirkungsgeschichte Philip Hecks, 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]