ფასციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფასციაცია (< ლათ. fascia სახვევი, ზოლი) — მცენარეთა ყლორტის დეფორმაცია, რომლის დროსაც იგი ბრტყელდება, თასმისებრი ხდება და სხვა. ღერო გაღუნულია ან დაგრეხილია, მისი აპიკალური ნაწილი არანორმალურად იტოტება; შეცვლილია ფოთლების, ყვავილების, ყვავილედების ფორმირების ვადები და ურთიერთგანწყობა, საგრძნობლადაა გაზრდილი ყვავილედში ყვავილების, ხოლო ყვავილში — მისი ნაწილების რაოდენობა (ვითარდება მრავალბუდიანი გინეცეუმი, დიდდება ნაყოფი და სხვა). ფასციაცია გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით (ვირუსები, ბაქტერიები, ზრდის სტიმულატორები, ტემპერატურა, მექსნიკური დაზიანება და სხვა). ფასციაციის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური-ბიოქიმიური კანონზომიერებანი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ყვავილისა და ნაყოფის ფასციაცია ბევრ შემთხვევაში სასარგებლოა და წარმატებით იყენებენ ზოგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]