ფარნეზეს ჰერკულესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარნეზეს ჰერკულესი

ფარნეზეს ჰერკულესიანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება. გამოფენილია ნეაპოლის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

წარმოადგენს ძვ. წ. IV საუკუნის დღემდე მოუღწეველი ბერძნული ორიგინალის ახ. წ. III საუკუნის რომაულ ასლს, თუმცა, ერთი მოსაზრებით, ასლი ეკუთვნის ძველბერძენ მოქანდაკე გლიკონს. ორიგინალის შექმნას მიაწერენ ლისიპოსს ან მისი წრის რომელიმე სხვა წარმომადგენელს. იტალიელი ნატურალისტის, ულისე ალდროვანდის მოგონებებიდან, რომლებიც 1592 წელსაა ჩაწერილი, ქანდაკება 1546 წელს აღმოაჩინეს კარაკალას თერმების (აგებული ახ. წ. 216 წ.) ნანგრევების გათხრის დროს. აღმოჩენა მალევე აღმოჩნდა კარდინალ ალესანდრო ფარნეზეს კოლექციაში (აქედან სახელწოდება). ნეაპოლის სამუზეუმო ექსპოზიციაში ადგილის დაკავებამდე, ქანდაკება განთავსებული იყო პალაცო ფარნეზეს პალატებში (რომი), სადაც, ჯორჯიო ვაზარის მოწმობით, გარშემორტყმული იყო ჰერაკლეს (ჰერკულესის) საგმირო საქმეების გამომსახველი ფრესკებით.

ორიგინალი ჩამოსხმული იყო ბრინჯაოსაგან. ასლი მარმარილოსგანაა გამოქანდაკებული. გამოხატავს დაღლილ ჰერაკლეს, რომელიც თავის ცნობილ კომბალზეა დაბჯენილი, დაყრდნობილი. კომბალს ზევიდან წამოსხმული აქვს ნემეის ლომის ტყავი. ჰერაკლეს მარჯვენა ხელში, რომელიც ზურგს უკან აქვს მიჯრილი, სამი ვაშლი უჭირავს, რაც იძლევა ვარაუდს, რომ მთავარი გმირი გამოსახულია ერთ-ერთი საგმირო საქმის — ჰესპერიდების ოქროს ვაშლების მოპარვის დროს.

ქანდაკება საკმაოდ პოპულარული იყო და საუკუნეების განმავლობაში ცნობილია მისი რამდენიმე ასლიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bober, Phyllis & Ruth Rubinstein, Renaissance Artists and Antique Sculpture, 1986.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]