ფარნას ოდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარნას ოდა— მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირზე, ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრისკენ (ასევე ბალდის კანიონისკენ) მიმავალი სამანქანო გზის ხელმარჯვნივ გზიდან სიღრმეში მდებარეობს "ფარნას ოდა". სახლი მცირედით დამრეც რელიეფზეა მორგებული, ჩრდილოეთიდან ერთ სართულიანია, ხოლო სამხრეთიდან ორ სართულიანი. ქვედა სართულზე, რომელშიც შესასვლელი სახლის უკანა ეზოდან, სამხრეთიდანაა გაჭრილი, მოწყობილია მარანი. მარნის იატაკის თავდაპირველი დონე თიხატკეპნილით იყო წარმოდგენილი, მოგვიანებით ის განაახლეს და ქვის ფლეთილი ფილები დააგეს. შესასვლელიდან ხელმარცხნივ იატაკის დონიდან მცირედით ამაღლებული ბაქანია აგურით ამოყვანილი, სადაც რამდენიმე ქვევრია ჩაყრილი. მარნის შესასვლელშივე წრიული მოყვანილობის სვეტის მსგავსი საინჟინრო კონსტრუქციული ნაგებობაა, რომელიც ქვითა და ტალახით არის ამოყვანილი, ის წარმოადგენს ბუხრის ქვედა ნაწილს. ბუხარი ისეა მეორე სართულზე ამოყვანილი, რომ სამივე ოთახს მოიცავს. სართულშუა გადახურვა ასწლოვან ხის კოჭებს ეყრდნობა. ცენტრალური ფასადის მხარეს სახლი ერთ სართულიანია, გახსნილი აივნით. აივანი ქვის საყრდენებს ეყრდნობა და მასზე ორსაფეხურიანი კიბით ავდივართ. ღია აივანი ხუთი სვეტითაა დანაწევრებული. მოაჯირები ხისაა, ყრუ, გაუმჭვირვალი კოლონადებით წარმოდგენილი. სახურავის საყრდენ სვეტებს შორის წარმოდგენილია ჭვირულ ორნამენტებიანი ფარდები, რომლებიც საკმაოდ ოსტატურადაა გამოჭრილი და მრავალფეროვანი ორნამენტებით დახუნძლული. ყველა მათგანი ერთნაირია და სიმეტრიულობით ხასიათდება. კუთხეებში მარაოსებრი ფორმის ჭვირულორნამენტიანი დეტალებია გამოყენებული, ცენტრში მცირედი შვერილები. ჭვირული ფარდის ჰორიზონტალურ ნაწილზე სხვადასხვა ფორმის ორნამენტებია დატანილი. მათ შორის სამი, ცენტრში შედარებით მოზრდილი ხოლო კუთხეებისკენ მცირედით პატარა ზომის ვარდულები, მზის (ბჟა) სტილიზებული გამოსახულებებია. მეორე სართულის კედლები მთლიანად წაბლის ხის ნათალი ფიცრებითაა ამოყვანილი. აივნის მხრიდან ცენტრალური ფასადი სამი ორფრთიანი ფანჯრის ღიობითა და ორი კარითაა დანაწევრებული. ფანჯრებს ხისავე დარაბები აქვს. აივანზე ხის მოსასვენებელი ტახტია მოთავსებული. სახლს მეორე სართულზე გარდა წინა ეზოსკენ მთელ სიგრძეზე განთავსებული აივნისა, უკანა ეზოსკენ გამომავალი მცირედი აივანიც აქვს. სახლის ძირითადი სივრცე 3 ოთახადაა განაწილებული, საიდანაც ერთი ძირითადი მისაღები ოთახია, ხოლო დანარჩენი ორი მცირე ზომის საძინებელი ოთახები. მისაღები ოთახის ჭერზე ერდოიანი გვირგვინია მოწყობილი. ასევე მისაღებ ოთახში გამოდის ბუხრის ტანი, რომელზეც გადმოცემით სახლის ამშენებელ ფარნა ბჟალავას საკუთარი ხელით ნაუცბათევად საბჭოთა სიმბოლოები, ნამგალი და ურო, ასევე ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი ამოუტვიფრავს, გასაბჭოების დროს ამ გზით გადარჩენია დაჭერას. ინტერიერში კედლები ღვინის ფერი და ზურმუხტის ფერი შპალერითაა გაფორმებული. სახლის სახურავი ოთხფერდაა, გადახურულია თუნუქის ფირფიტებით. ოდა სახლის აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრში სამზადი სახლი მდებარეობს. სამზადი სახლიც ასევე წაბლის ხის ფიცრებითაა აგებული, გადახურულია აზბოცემენტის ფილებით. ოდა სახლის უკანა ეზო, რომელიც ტერასებადაა დანაწევრებული, მდინარე აბაშამდე ჩადის. "ფარნას ოდის" ეზოში აგურის სვეტებზე ამოყვანილი ორფერდა სახურავიანი კრამიტით გადახურული ხის ჭიშკრის გავლით ვხვდებით. ოდაში დღეს ფარნა ბჟალავას მემკვიდრეები, ძაგანიები ცხოვრობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39396