უბიხური ფოლკლორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უბიხური ფოლკლორიუბიხების არამატერიალური კულტურა.

უბიხური ფოლკლორი კავკასიური სულიერი კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტრაგიკულმა ბედმა უბიხ ხალხს მოუსპო შესაძლებლობა, განევითარებინა და უფრო სრულად მოეტანა საუკუნეების მანძილზე შექმნილი ხალხური შემოქმედება. მათ მუსიკაზე, ცეკვებსა და სახვით ხელოვნებაზე ჩვენ ძალიან ზოგადი და მწირი წარმოდგენა გვაქვს, რაც ძირითადად ამა თუ იმ წყაროში გაბნეულ ცნობებზეა დამყარებული.

საბედნიეროდ, ი. მესაროშის, ჟ. დიუმეზილის, ჰ. ფოგტის და სხვათა პუბლიკაციები საშუალებას გვაძლევს, გავიცნოთ უბიხთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. მართალია, ჩვენამდე არ მოუღწევია ზეპირსიტყვიერების მთელ მრავალფეროვნებას, მაგრამ, არსებული მასალაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

უბიხების ჩერქეზებთან სიახლოვის გამო მათ ფოლკლორში ასახულია ჩერქეზული (ადიღური) მოტივები, სიუჟეტები, ძალიან ბევრია პირდაპირი სესხების ფაქტებიც. სესხება ხდებოდა ასევე თურქულენოვანი ფოლკლორიდანაც.

უბიხთა ფოკლორში აშკარად გამოიყოფა სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენა: უფრო არქაული, რომელშიც ასახულია საერთო კავკასიური ეპიკური თქმულებები ნართულ ეპოსსა და მათ მთავარ გმირ სასრიყვაზე, ჯადოსნური ზღაპრები ხალხის წიაღიდან გამოსულ მოხერხებულ გმირებზე, თქმულებები და ლეგენდები, ცხოვრებისეული ფილოსოფიის გამომხატველნი. უბიხურ ფოლკლორში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყვარელი გმირია ჩერქეზი აიდემირ-ხანი, ცნობილი თავისი სიმამაცითა და კეთილშობილებით.

ჟ. დიუმეზილმა 1955-1959 წლებში თევფიქ ესენჩისაგან ჩაიწერა „მოხუცთა ამოწყვეტის დასასრული“, „ქალის ჭკუა“, „ბერიკაცი და დევი“, „დიღუ დიდარიყუს თავგადასავალი“, „მთავარი ქუშიკუ“, „აიდემირ-ხანი“; ილიას ჰოსქანისაგან „სამი რჩევა“, „გლეხის შვილი“; ალი ბილაშისაგან „კაცი, რომელმაც ირჩია, ახალგაზრდობაში ყოფილიყო უბედური“. ჰ. ფოგტმა 1959 წელს თ. ესენჩისაგან ჩაიწერა „ყელწითელა“.

უბიხური ფოლკლორის ნიმუშები რუსულად პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „კავკასიონის“ 1983 წლის №1-ში (გ. ორაგველიძის თარგმანი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. ჯანაშია, „უბიხური ფოლკლორი“, (კავკასიური სახლი), თბ., 2001