ტყვირის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტყვირის მაცხოვრის ეკლესია
ტყვირის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°09′20″ ჩ. გ. 42°11′51″ ა. გ. / 42.1556417° ჩ. გ. 42.1975083° ა. გ. / 42.1556417; 42.1975083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
დეტალები

ტყვირის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ჯვარგუბათოვანი ეკლესია. მდებარეობს რიონისპირეთში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ცილორის დასავლეთით 3 კილომეტრში.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ჯვრის ფორმის ოთხკუთხა ნაგებობაა, თითოეულ გვერდზე სწორკუთხედად წინ წამოწეული მცირე შვერილები ქმნიან ჯვრის ტოტებს. ეკლესიის ძირითად ნაწილს წამოდგმული აქვს მრავალკუთხედად ჩაკვეთილი გუმბათი, რომელსაც დატანებული აქვს 8 ვიწრო სარკმელი. ეკლესიის გარე კედლებში ჩართულია კირქვის ფართო ფილები შესანიშნავი ორნამენტოვანი მოდილიონებით, და კარისა და ფანჯრის არშიები. დასავლეთის კარის თავზე არის ჩუქურთმიანი ჯვარი, რომლის ირგვლივ შესრულებულია მხედრული წარწერა. ამ მხრივ ეკლესიას მიდგმული აქვს ეგვტერი, რომლის შესასვლელის შუბლზე გარეთ ცხვრის ქანდაკებაა დატანებული. მსგავსი ქანდაკება დატანებული აქვს სეფდეთის ეკლესიასაც. სამხრეთის კარის თავზე არის დიდი ფიქალი, რომელზედაც შესრულებულია ნუსხა-ხუცური წარწერა. ჩრდილოეთით ეკლესიას შვერილის მთელ სიგანეზე მოდგმული აქვს ეგვტერი, სადაც ვრცელი აკლდამაა (ექვთიმე თაყაიშვილის მითითებით, იერემია ჭყონდიდელისა). ამ ეგვტერს, ოვალური ფორმის, სვეტის თავების თაღედებზე დაყრდნობილი ოვალური ლამაზი გადახურვა ჰქონია. კედლებზე შემორჩენილია ლამაზი სვეტები და თაღედთა საყრდენები. ეგვტერს დატანებული აქვს ორი ვიწრო სარკმელი. ეკლესიის ფასადთა ბევრ ქვაზე ამოკვეთილია ან ნუსხა-ხუცური ან მხედრული წარწერა.

ძეგლის ძირითად ნაწილსა და დასავლეთის ეგვტერს შემორჩენილი აქვს თაღოვანი სახურავი, რაც ყოველ მხარეზე ქმნის ისრის წვერისებრსახურავის გვერდულებს, გვერდულთა თავშესაყარი კრავს მკლავებს და ქმნის ოთხკუთხედ კვარცხლბეკს, რომელზედაც მრავალკუთხა გუმბათია აღმართული. გუმბათის ყოველ ჩათლილ გვერდზე თითო ვიწრო სარკმელი აქვს ჩართული. მისი გადახურვა წრისებურია, სახურავს შემოვლებული აქვს თლილი ქვის კოზმიდი.

ეგვტერები ეკლესიის ძირითად ნაწილს გვიან აქვს მოდგმული. თავდაპირველად ეკლესიის ჯვრის გეგმის ძირითადი ნაწილია აგებული. ყველა წარწერა ძირითადი ნაწილის ფასადებზეა შესრულებული. სამხრეთით კარის თავზე არის ნუსხა-ხუცური წარწერა.

ექვთიმე თაყაიშვილი ამ წარწერას ასე კითხულობს: „სახელითა ღმრთიასითა აღეშენა. მაცხოვრისა მტყუვრისა საყდრისა აღმაშენებელსა ქუველსა ჭილაძესა შუნდვენ ღმერთმან. ძმათა მისთა კახაბერსა და ჩუბინსა შეუნდვეს ღმერთმან. ვინც შენდობა ბრძანოთ, შეგინდვნეს ღმერთმან“.

ექვთიმე თაყაიშვილი მონახულ ძეგლს შემდეგნაირად აღწერს: „შიგნით და გარეთ ეხლა ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია კირით და თავის პირვანდელი სახე დაუკარგავს. კარის მარცხნივ დახშული ჩუქურთმიანი კამარაა (არკა), თაღის ქვემოთ ჩუქურთმიანი ჯვარია“. როგორც ჩანს თაყაიშვილის მიერ ძეგლის შესწავლის დროს ჯვრის ირგვლივ მთელი ფითქალი შელესილი ყოფილა ბათქაშით და ეს წარწერაც დამალული. დღეს ბათქაში ჩამოცვენილია და წარწერა თავისუფლად იკითხება.

ვიკიციტატა
„ღ(მერ)თო:. და ჯვარო:. ქრისთე-

საო:. შეუნ(დე), და შე(ე)წიე:. შედანსა

ჭილაძესა:. და მეუღლესა:. მისა

ქ(ალბატო)ნ და ც(ვა)ტასა:. ძეთა:. მისთა

პ(ი)რნ(ა) (თელსა):. სასობარსა:. ქვ-

ელსა:. ნათელლსა:. ეშმასა:. ჩუბინსა:. აბრამსა:. შედანსა:.

და (ჯ)(ა)(ვ)(ა)ხ(სა).

ასულსა; მი(ს)სა:. ტკ(ბილ) ქალ(ო)ბასა.

მზ(ე) ქალსა:. ულ(უმ)პიასა:.“

წარწერა ყურადსარებოა იმით, რომ წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით XVI საუკუნეზე გვიანდელი არაა, მეორე — აქ მოხსენებულია ჭილაძის გვარეულობიდან რამოდენიმე პიროვნება, მათ შორის შედანი და აბრამი მხოლოდ ორჯერ გვხვდება ისტორიულ წყაროებში. ქველი და ჩუბინი ამავე ეკლესიის მაშენებლებად არიან მოხსენიებულნი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადმოწერილ წარწერაში. ჯავახი XVI საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი პიროვნებაა. იგი იმერეთის მეფე გიორგი II-მ დასაჯა. სხვა დანარჩენი პიროვნებები ისტორიულ წაყოებში პირველად არიან მოხსენიებულნი. სავარაუდოდ აღნიშნული წარწერიანი ქვა თავდაპირველად თავდაპირველად ხუცურით შესრულებული სამხრეთის კარის თავზე ყოფილა ჩასმული, ხოლო დასავლეთის კარის თავზე ყოფილა არქიტრავი, რომელიც ახლა ამ კედლის ქვემო ნაწილში არის ჩართული კარის ჩრდილოეთის მხარეს. არქიტრავი კარის არშიების ხაზს აგრძელებს და თაღად ერტყმის გარს არქიტრავის გულში ამოკვეთილ ჯვარსა და მის ჩუქურთმიან ფონს. ჯვარი და ჩუქურთმა ხეზე ხალხური ჭრის ნიმუშების განმეორებაა. ოსტატი სავარაუდოდ ადგილობრივი ხელოსანი იყო. იგი ეტყობა ხეზე ჭრის ოსტატია, რომელმაც ხეზე კვეთის სტილი ქვაზეც გაავრცელა. ამ მხრივ არქიტრავი და ამავე კედელზე კარის სამხრეთის ფრთაზე არსებული მეორე ქვის მხატვრული ჭრაც უაღრესად საყურადრებოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელიავა გ., ტყვირის ეკლესია, «ძეგლის მეგობარი», №. 6, გვ. 39-42, თბ., 1966 წელი.
  • თაყაიშვილი ექ., ძველი საქართველო, ტ. 3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 5185