ტრეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტრეში (ინგლ. Trashy - ნაგავი) - ლიტერატურული ტალღა, ჩაისახა ამერიკაში 1970-იანი წლების ბოლოს.

ეს იყო ცხოვრებისადმი ახალი ეგზისტენციალური დამოკიდებულება და ახალი ესთეტიკა. თუკი სიურეალისტებმა მიზნად ცხოვრების შეცვლა დაისახეს, ხოლო სიტუაციონისტები არქიტექტურასა და ურბანიზმში ახალი სიტუაციების შექმნით მენტალიტეტის შევცლას ცდილობდნენ, ტრეშის ამგვარი “კეთილშობილური” ამბიციები არ გააჩნია. იგი ცდილობს არა სამყაროს შეცვლას, არამედ მის, რაც შეიძლება მწვავედ, უხეშად აღწერას. მისი მიზანია დღის სინათლეზე გამოტანა ყოველივე იმისა, რასაც საზოგადოებრივი პირობითობები, ზრდილობის წესები ნიღბავს, მოკლედ, საჭიროა დიდი სოციალური ტაბუების დამსხვრევა. უწმინდურობა, გარყვნილება, ვულგარულობა, უიმედობა, სიმახინჯე, პორნო, სიგიჟე, შიში - ესენია აღნიშნული მიმართულების მთავარი თემები.

ტრეშის წარმოშობის პარალელურად 1976-1977 წლებში დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი მთელ დასავლეთში გავრცელდა პანკური დაჯგუფებები. პანკურმა ნიჰილიზმმა, რომელსაც სიმახინჯის, სიბილწისა და ანარქიის აპოლოგია ახასიათებდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობაზე. ტრეშის დებიუტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შედგა არა დასავლური, არამედ აღმოსავლური სამყაროს წარმომადგენლის, იაპონელი რიუ მურაკამის რომანით თითქმის გამჭვირვალე ცისფერი (1976). მასში აღწერილია ცხოვრება ახალგაზრდა ტოკიოელი მოზარდთა ჯგუფისა, რომელთა ერთადერთ საზრუნავს სექსი და ნარკოტიკები წარმოადგენს. ასე რომ, რომანი ჯერ კიდევ 70-იან წლებში ალაპარაკდა მატერიალისტური სამყაროს ერთ-ერთ ძირითად პრობლემაზე.

საფრანგეთში ტრეში შედარებით გვიან, 90-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა. ეს მოხდა ვენსან რავალეკისა და ვირჟინი დეპანტის რომანებით. თუმცა უცხოელებისგან განსხვავებით ფრანგი ავტორების ნაწარმოებები მორალისგან მთლიანად თავისუფალი არ არის.