ტნუსის შველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტნუსის შველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის მიდამოებში. აგებულია 1688 წელს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ტუფის სუფთად ნათალი ქვით. ერთადერთი კარი დასავლეთ კედელში, ორი სარკმელი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. ეკლესიის ინტერიერი ნამტვრევი ქვითაა ნაგები. ნახევარწრიულ აფსიდში ორი მცირე თაღოვანი ნიშაა, საკურთხევლის პირას, ჩრდილოეთ კედლის თაღოვან ნიშაში, სანათლავი ემბაზია ჩადგმული, რომელზეც თარიღია ამოკვეთილი (1688 წ.). საკურთხევლს არდაბაგი შემაღლებულია. ეკლესიის კედლები შემკულია რელიეფური ქანდაკებებით.

სამრეკლო ნამტვრევი ქვითაა ნაგები, იგი ეკლესიის აღმოსავლეთით ორიოდე მეტრში, შედარებით დადაბლებულ ტერასაზე დგას. მისი პირველი სართული მცირე სამლოცველოა, რომელსაც დასავლეთით კარი და აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს. ფანჩატურის დასავლეთ კედელში მხედრული დამწერლობით შესრულებული ოთხსტრიქონიანი საქტიტორო წარწერაა ამოკვეთილი, წარწერა ძლიერაა დაზიანებული და მხოლოდ ცალკეული სიტყვები იკითხება. სამრეკლოს ქვედა სართულის კარის არქიტრავად გამოყენებულია ბურთულებითა და „სამაჯურებით“ გაფორმებული წყვილი ლილვითა და გრეხილით მოჩარჩოებული ორი ქვის ფილა, რომელზეც წნული ორნამენტია წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17959