ტიხონ ზადონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი

წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში - ტიმოთე) (1724—1783) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. კანონიზირებულია 13 (26) აგვისტოს, 1861 წ.

1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილოვის ოჯახში (ახალი გვარი, სოკოლოვი, მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნაბოლარაზე ზრუნვა ძმამ იტვირთა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როდესაც სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი - რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. 1758 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდეს; 1761 წლის 13 მაისს კი კეკსგოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1763 წელს ტიხონს ვორონეჟის კათედრა ჩააბარეს. ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.

1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.

დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო.

ტიხონ ზადონელი - საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.

გამონათქვამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
  • თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძღვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
  • მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.
  • „სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა. ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
  • საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
  • ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
  • წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
  • შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
  • ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
  • მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.
  • არ არის ამქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
  • ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი.
  • მთვრალი იმას გაბედავს, რასაც ფხიზელი არ გააკეთებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лебедев, А., прот. Святитель Тихон Задонский и всея России чудотворец. 3е изд. СПб., 1896.
  • Попов, Т. Д., свящ. Святитель Тихон Задонский и его нравоучение. М., 1916.
  • Gorodetzky, Nadejda. St. Tikhon of Zadonsk: Inspirer of Dostoevsky. London, 1951; 2nd ed. Crestwood (NY), 1976.
  • Михаил, архиепископ. Учение святителя Тихона Задонского о истинном христианстве // Журнал Московской патриархии, 1971, № 10, 60-75.
  • Hans-Dieter Döpmann. Johann Arndt und Tichon von Sadonsk «Über das wahre Christentum». — In: Der Pietismus in seiner europäische und außereuropäische Ausstrahlung. Suomenkieliset tiivistelmät, Helsinki, 1992.
  • Knechten, Heinrich Michael, Evangelische Spiritualität bei Tichon von Zadonsk, Studien zur russischen Spiritualität 2, Waltrop 2006.
  • Жития святителей Митрофана Воронежского и Тихона Задонского. М., Сретенский монастырь, 2007.
  • Йоан (Маслов), схиархимандрит. Симфония по творенията на св. Тихон Задонски. София, 2007.