შინაარსზე გადასვლა

ტექნოლოგიათა ჯამი (კრებული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტექნოლოგიათა ჯამი (იგივე ტექნოლოგიათა სუმა, ლათ. Summa Technologiae) — პოლონელი მწერლის, სამეცნიერო-ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის სტანისლავ ლემის 1963-1967 წლის ფილოსოფიურ-ფუტუროლოგიურ ესეთა კრებული. სახელი ეწოდა ალუზიით თომას აქვინელის ,,თეოლოგიათა ჯამის" (ლათ. Summa Theologiæ) და ალბერტ დიდის ,,თეოლოგიათა ჯამის" ნაშრომებზე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური თხზულება კაცობრიობის მომავალსა და ცივილიზაციის განვითარებაზე ოდესმე არსებულ ნაშრომთაგან.

ცნობილი ფუტუროლოგიურ-ფილოსოფიური ესე ასახავს ცივილიზაციის დინამიკის და განვითარების ბიოლოგიურ, კიბერნეტიკულ, კოსმოგონიურ, სოციალურ, კულტურულ წახნაგებს და განიხილავს მათ ორი ტიპის ევოლუციის - ბიო და ტექნოევოლუციების ჭრილში; ასკვნის რა რომ პრინციპში ბუნება მათემატიკურად სრულყოფილი არაა, ის შეზღუდულია თავის გამოვლინებებში უთვალავი სახესხვაობის მიუხედავად და ჩვენ შეგვიძლია თვისობრივად გადავასწროთ მას. საინტერესოა თავად ავტორის პოზიცია მის ნაწარმოებზე, რომელიც შესავალ სიტყვაშივე იხსნება:

ვიკიციტატა
„ბოლოსდაბოლოს, საკუთრივ რას წარმოადგენს ეს ჯამი? ესეთა კრებულს ,,სრულიად ინჟინერული" ლაიტმოტივით განმსჭვალულ ცივილიზაციის ბედზე? წარსულის და მომავლის კიბერნეტიკულ ჭვრეტას? კოსმოსის გამოსახულებას, როგორიც იგი წარმოუდგენია კონსტრუქტორს? მოთხრობას ბუნების საინჟინრო საქმიანობის და ადამიანის ხელების შესახებ? სამეცნიერო-ტექნიკურ პროგნოზს უახლოესი ათასწლეულისთვის? ჰიპოთეზათა ნაკრებს, ძალიან გაბედულს მკაცრ სამეცნიერო სტანდარტებზე პრეტენზიის განსაცხადებლად? ცოტ-ცოტა ყველაფერს. რამდენად შეიძლება, რამდენად დასაშვებია ვენდოთ ამ წიგნს? მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. მე არ ვიცი ჩემი რომელი მიხვედრა, წინადადება თუ ვარაუდი უფრო ჰგავს სიმართლეს. მათ შორის არცერთია მოუწყვლადი და დროის სრბოლა წაშლის ბევრ მათგანს. ან თუნდაც ყველას. მაგრამ არ სცდება ის, ვინც კეთილგონივრულად სდუმს.“

არსებითად წიგნში აღძრული საკითხები ეხება სამეცნიერო-ტექნიკურ, მორალურ-ეთიკურ და ფილოსოფიურ-ონტოლოგიურ საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც სავარაუდოდ დაიბადებიან ჩვენი ცივილიზაციის შემდგომი პროგრესის პროცესში. (ავტორის სიტყვებით ,,ჯერ აუყვავებელი ვარდების ეკალთა კვლევა.") ცივილიზაციის, რომელიც ჰიპერშორეულ მომავალში იფუნქციონირებს სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად ტექნოლოგიური თუ მატერიალური შეზღუდულობისგან.

წიგნში განხილული ფუნდამენტური საკითხები გვაოცებს თავიანთი გრანდიოზულობით. მასში დასმული პრობლემატიკა ერთდროულად საოცრად შორს დგას რეალობისგან და არამცთუ საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს გადასწვდება. ამავდროს კი ის ჩვენი თანადროული ცხოვრებაა. მიუხედავად იმისა. რომ წიგნზე მუშაობისას ლემმა დაუშვა რამდენიმე უზუსტობა მათემატიკის, ბიოლოგიის, სოციოლოგიის და ცოდნის სხვა დარგებში, ,,ტექნოლოგიათა ჯამი" მიუხედავად მისი ნახევარსაუკუნოვანი ასაკისა არამცთუ არ მოძველდა, არამედ პირიქით - XXI საუკუნის გარიჟრაჟზე თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ფონზე ახალი სიცოცხლე შეიძინა. ვირტუალური რეალობა, ნანოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური სინგულარობა - საკითხები რაც შორეულ 60-იან წლებში სუპერფანტასტიკურად მოჩანდა, დღეს უკვე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ყოველდღიური ნაწილია.

წიგნი წარმოდგენილია რვა თავად:

დილემები - შესავალი ,,წინასწარმეტყველებადი მომავლის" პრობლემატიკის საკითხებში.

ორი ევოლუცია - ტექნოსოციალური და ბიოევოლუცია.

კოსმოსური ცივილიზაციები - ტექნოლოგიური ცივილიზაციები და გონიერი სიცოცხლე კოსმოსსა და დედამიწაზე.

ინტელექტრონიკა - კიბერნეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საზოგადოების კიბერნეტიკული მართვა, რელიგიურ-მეტაფიზიკური ინფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, ,,მნიშვნელობის" მნიშვნელობა.

პროლეგომენია ყოვლადძლიერებისკენ - ყველაფრის კონსტრუირება, შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, (იმიტოლოგია და ფანტომატიკა).

ფანტომოლოგია - ვირტუალური რეალობა, ვირტუალიზებული ცივილიზაცია, ვირტუალიზებული საზოგადოება, ცერებრომატიკა, ტელეტაქსია, ფანტომატიკა და ფანტოპლიკაცია, ,,პიროვნების" გამრავლება.

სამყაროთა შექმნა - მეცნიერების განვითარება და ცოდნის ზრდა, ინფორმაციის ,,მოყვანა-გამოზრდა," შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, ენის კონსტრუირება, ,,იმქვეყნიური სამყაროს" და უნივერსუმის კონსტრუირება.

პასკვილი ევოლუციაზე - სამყაროს პრინციპული არასრულყოფილება, ადამიანის რეკონსტრუქციის შესაძლებლობები.

რუსულენოვანი თარგმანის დასკვნაში, რომელიც სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცისთვის დაიწერა, ლემი ამატებს სპეციალურ მონაკვეთს, სადაც განხილულია აგრეთვე ადამიანთა საზოგადოების კონსტრუირების საკითხები.

გამოქვეყნებისთანავე, ნაშრომი იქცა აკადემიურ ფუნდამენტურ მასალად ფუტუროლოგიაში და დაიწყო მისი თარგმნა ევროპის დიდ ენებზე. ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე. აღსანიშნავია რომ სწორედ წიგნში, ვირტუალურ რეალობაზე მსჯელობისას გამოჩნდა ასეთი რეალობის ამსახველი სისტემა - მატრიცა და მისი მობინადრე, ვინმე მისტერ სმითიც კი. სწორედ ლემის ამ იდეით ისარგებლეს და გადაამუშავეს ცნობილმა რეჟისორებმა, ძმებმა ვაჩოვსკებმა; დაუდეს რა საფუძვლად საყოველთაოდ ცნობილ ფანტასტიკურ ტრილოგიას ,,მატრიცა"-ს.