ტეტრიკუს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტეტრიკუს I-ის პერიოდში მოჭრილი მონეტა

კაიუს პიუს ეზუვიუს ტეტრიკუსი (Caius Pius Esuvius Tetricus), გალების (Imperium Galliarum) იმპერატორი 270-273 წლებში, ვიქტორინუსის მკვლელობის შემდეგ. ტეტრიკუსი, რომელიც მის ვაჟთან, ტეტრიკუს II-სთან ერთად მმართველობდა, გალების ბოლო იმპერატორი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეტრიკუსი კეთილშობილ ოჯახში დაიბადა და პროვინციული მმართველის (praeses provinciae) ადმინისტრაციული რანგი ეჭირა აქიტანიაში ვიქტორინუსის სიკვდილის პერიოდში. ვიქტორინუსის დედამ, ვიქტორიამ, არმიას დიდძალი ფული გადაუხადა ტეტრიკუსის იმპერატორად გამოცხადების მხარდასაჭერად ბურდიგალიასთან (ბორდო, საფრანგეთი), რომელსაც ასევე მხარი დაუჭირეს გაულსა და ბრიტანეთში. მისი დანიშვნის შემდეგ, ტეტრიკუსმა უკუაგდო გერმანული ტომები, რომლებმაც ვიქტორინუსის გარდაცვალებით დრო იხელთეს და გალებს შემოესივნენ.

ტეტრიკუსმა სატახტო ქალაქად აუგუსტა ტრევერორუმი გამოაცხადა (ამჟამად ტრიერი, გერმანია) და საკუთარი ვაჟი, ტეტრიკუს II, კეისრად დანიშნა. ტეტრიკუსს გალების იმპერიის გავრცობისთვის არ უზურუნია, გარდა სამხრეთით აქიტანიის შემოერთებისა (რომელიც რომის იმპერიას შეუერთდა კლაუდიუს გოთიკუსის მმართველობის პერიოდში). 273 წლის ბოლოს ან 274 წლის დასაწყისში, ფაუსტინუსი, გალია ბელგიკის პროვინციის მმართველი, მას აუგუსტა რევერორუმში აუჯანყდა.

273 წელს, იმპერატორი აურელიანე იწყებს დასავლეთ რომის იმპერიის ხელახლა დაპრყობას, აღმოსავლეთში გამარჯვებებით წაქეზებული. ტეტრიკუსსა და აურელიანეს ჯარებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა შალონ-სურ-მარნთან, სადაც ტეტრიკუსი და მისი ვაჟი აურელიანეს ჩაბარდნენ.

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, აურელიანემ რომში ტეტრიკუსი და მისი ვაჟი ნადავლის სახით ჩაიყვანა, თუმცა შემდეგ მათ სიცოცხლე უბოძა და თანამდებობაც კი მისცა (სამხრეთ იტალიის ერთ-ერთი რეგიონის მმართველის). ტეტრიკუსი იტალიაში გარდაიცვალა, თუმცა თარიღი უცნობია. ისტორია აუგუსტაში ის დასახელებულია რომის ოცდაათ ტირანთა შორის.