სხვილისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვილისის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სხვილისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

სხვილისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში.

ტაძარი დარბაზული ტიპისაა, მართკუთხა გეგმაში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. კედლები აგებულია ნატეხი რიყის ქვით, უხეშად დამუშავებული კირქვის და ბაზალტის კვადრებით. ფასადები ნაწილობრივ შელესილია კირის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით. ეკლესიის ფასადებზე ვხვდებით ლითონის ანტისეისმურ კონსტრუქციას. ტაძარს აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში მართკუთხა მოყვანილობის მცირე ზომის სარკმელი აქვს დატანებული. დასავლეთის კედელში მოქცეულია 1 მეტრის სიგანის სწორკუთხა კარი, რომლის თავზე დადებულია არქიტრავის ქვა. ზედ ამოკვეთილია სამსტრიქონიანი მხედრული წარწერა:

ვიკიციტატა
„ახლის მოქმ. ივანე ხუციშ/ვილმან აღვაშენე. მართლ. მალის/ წ˜ა გიორგის ეკლესია 1876 წ.“

კარის სიახლოვეს, ფასადზე მიდგმულია საფლავის ქვის ფრაგმენტი, რომლის წინა პირზე გრაფიკულად გამოსახულია ჯვარი, ხოლო გვერდებზე წარმოდგენილია ჩაკვეთილი სამკუთხედი სახეებით შედგენილი ფრიზული ორნამენტი და თაღების რიგი. ტაძრის საძირკვლის დონეზე, სამი მხრიდან კედლებს მიუყვება ბეტონის საფეხური. ინტერიერში კედლები შელესილია. ტაძარი გადახურულია ორქანობა თუნუქის სახურავით. აღმოსავლეთის ფრონტონი შეფიცრულია, დასავლეთის ფრონტონზე კი აკრულია თუნუქის ფურცლები. ტაძრის დასავლეთის კედლის წინ მოწყობილია ლითონის ძელებზე დაფუძნებული ცალქანობიანი თუნუქის გადახურვა. ეკლესიის ეზო შემოზღუდულია დაბალ, ქვითკირის გალავანში ჩაბეტონებული ლითონის ძელებით და ბადით, რომლის დასავლეთის მონაკვეთში მოქცეულია ლითონის კარები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35057