სქიმიღუმენია იოანა
სქიმიღუმენია იოანა | |
---|---|
მონაზონი ნანა 1991 წლის 13 მარტიდან, იღუმენია ნანა 1991 წლის 19 ივლისიდან, სქიმიღუმენია იოანა 1997 წლიდან | |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ნათელა ტაბატაძე |
დაბადების თარიღი | 13 თებერვალი, 1939 |
გარდაცვალების თარიღი | 9 აგვისტო, 2015 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა |
დასაფლავების ადგილი | მცხეთა, სამთავროს მონასტერი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
სქიმიღუმენია იოანა (ერობაში ნათელა ტაბატაძე; დ. 13 თებერვალი, 1939, თბილისი — გ. 9 აგვისტო, 2015) — ქართველი სასულიერო მოღვაწე. მამა — მიხეილი, დედა — ნინო ახალკაცი.
საერო ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუღლის, ნიკოლოზ სიხარულიძის და დის, ეთერის (ამჟამად მონაზონი ნინო) ხელშეწყობით იგი ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში. ამ პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა მამა გაბრიელს, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძეს. იგი მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.
1985 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ სიხარულიძე. ამავე წელს ნათელა ტაბატაძე წავიდა სამთავროს დედათა მონასტერში მორჩილად. მისი ექვსი შვილიდან (ჯემალი, გიორგი, რევაზი, ვახტანგი, დავითი, ანა) სამი არასრულწლოვნის აღზრდა ითავა მისმა დამ, ეთერმა.
სამონასტრო ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 13 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ნათელა ტაბატაძე აკურთხეს მონაზვნად და სახელი უწოდეს ნანა. ამავე წელს ილია II-ის მიერ დადგენილ იქნა ბოდბის მონასტრის იღუმენიად. 1991 წლის 19 ივლისს ილია II-მ და მამა დავითმა, შემდგომში მიტროპოლმა დანიელმა, სხვა სასულიერო პირებთან, მათ შორის იღუმენია ნანას შვილთან, რევაზ სიხარულიძესთან ერთად იგი ბოდბის მონასტერში ჩაიყვანეს.
1993 წლის ზაფხულში, როცა მიმდინარეობდა აფხაზეთის ომი (1991-1993), იღუმენია ნანა მიტროპოლიტი დანიელის კურთხევით რამდენიმე თვით აფხაზეთში გაემგზავრა.
1994 წლიდან იღუმენია ნანა ბოდბიდან თბილისის საპატრიარქოში გადავიდა. 1997 წელს, იოანე კლემაქის სხენების დღეს იღუმენია ნანა აყვანილ იქნა დიდ სქიმაში და წმინდანის პატივსაცემად ეწოდა სახელად იოანა.
სქიმიღუმენია იოანამ სამჯერ იმოგზაურა მოსალოცად ისრაელში და ერთხელ სინის მთაზე.
2000 წელს გადატანილი ინსულტის შედეგად სქიმიღუმენია იოანას შეეზღუდა მოძრაობის უნარი. ის ასევე ვეღარ ამოძრავებდა მარცხენა ხელს, რაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ბოლო ორი წელი კი სქიმიღუმენია იოანამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ძირითადად, მჯდომარე მდგომარეობაში გაატარა.
სქიმიღუმენია იოანა გარდაიცვალა 2015 წლის 9 აგვისტოს და დაკრძალეს სამთავროს დედათა მონასტერში, მცხეთაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამთავროს მაყვლოვანი, „სამთავროს დედათა მონასტრის პერიოდული გამოცემა“, 2016, გვ. 58;
- ხედი, მცხეთა, 2006, გვ. 4.