სტეფანწმინდის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის კოშკები — არქიტექტურული ძეგლი, დგას დაბა სტეფანწმინდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველ უბანში. ადრე არსებული ოთხი კოშკიდან შემორჩენილია ორი, რომელთაგან ერთი ჩრდილო-აღმოსავლეთითაა, მეორე - სამხრეთ-დასავლეთით. ორივე კოშკი თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით, ეკუთვნოდა ჩოფიკაშვილებს.

ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკი (5,2x5,2) ორსართულიანი (სიმაღლე 11 მეტრი ), ზევითკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით; გარეთა კუთხებში, კარის წირთხლებში და თაღზე გამოყენებულია თლილი ქვა. კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებულია. დაზიანებულია. შენობის მეორე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი და გადახურვა დანგრეულია. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, 4 მეტრ სიმაღლეზე. პირველ სართულზე ჩრდილოეთით და დასავლეთით, ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთით - ერთი. კუთხეებში გამაგრების მიზნით მთელ სიმაღლეზე. ყოველ 0,8-1 მეტრზე გადადებულია ბრტყელი ფილები, რომლებიც სამკუთხა ფორმის მცირე თაროებს ქმნიან. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომელიც ეყრდნობა ორ გადაჯვარედინებულ საბჯენ თაღს. კამარაში დატანებულია მცირე კვადრატული ფორმის ხვრელი. აქედან ხის მისადგმელი კიბით მეორე სართულზე ადიოდნენ. მეორე სართულის კედლებში ორ-ორი სათოფურია. კოშკის საშენი მასალისა და წყობის თავისებურების გამო სათოფურები გარედან თითქმის შეუმჩნეველია. შენობას ხის გადახურვა ჰქონია.

სამხრეთ-დასავლეთის კოშკი ორსართულიანია( 5,4x5,4 მეტრი), ზევითკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებში გამოყენებულია თლილი ქვა, ფასადებზე - მცირედ დამუშავებული. დაზიანებულია. შენობის ზედა ნაწილი და გადახურვა დანგრეულია. კოშკის ქვედა ნაწილი (დაახლოებით 2 მეტრ სიმაღლეზე) მასიურია. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, 4 მეტრ სიმაღლეზე. პირველ სართულზე დასავლეთით და სამხრეთით ორ-ორი სათოფურია, ჩრდილოეთით - ერთი. აქაც, კუთხებში გამაგრების მიზნით მთელ სიმაღლეზე, ყოველ 0,8-1 მეტრზე გადებულია ბრტყელი ფილები. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომელიც ორ გადაჯვარედინებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კამარაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, მეორე სართულზე ასასვლელი ხვრელია. მეორე სართულის კედლებში ორ-ორი სათოფურია, რომლებიც ასევე შეუმჩნეველია. ამ შენობასაც ხის გადახურვა ჰქონდა. კოშკები ერთი ოსტატის მიერ უნდა იყოს აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]