სსრ კავშირის საბჭოების VII ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ საბჭოების VII ყრილობა (რუს. VII Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეშვიდე ყრილობა, მიმდინარეობდა 1935 წლის 28 იანვარი - 6 თებერვალს მოსკოვში. ესწრებოდა 2022 დელეგატი გადამწყვეტი ხმით (მათ შორის: 940 მუშა, 473 გლეხი, 609 მოსამსახურე) და 540 სათათბირო ხმით. პარტიული შემადგენლობა: 1498 კომუნისტი, 99 კომკავშირელი, 425 უპარტიო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სსრკ მთავრობის ანგარიში (ვ. მოლოტოვი); მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის ანგარიში (გ. ორჯონიკიძე); მეცხოველეობის განმტკიცებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ (მ. ჩერნოვი და მ. კალმანოვიჩი); მოხსენება საკონსტიტუციო საკითხებზე (ა. ენუქიძე); სსრკ კონსტიტუციაში ზოგიერთი ცვლილებების შეტანის შესახებ (ვ. მოლოტოვი); სსრკ ცაკის არჩევნები.

საანგარიშო მოხსენებაში შეჯამებული იყო სოციალისტური მშენებლობის შედეგები, განისაზღვრა მისი შემდგომი პერსპექტივები. ერთხმად აღიარეს, რომ სსრკ სახალხო მეურნეობაში სოციალისტური წყობა გაბატონდა. ყრილობამ მოიწონა საბჭოთა მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ I ხუთწლედის გეგმების წარმატებით შესრულებამ განსაზღვრა სსრკ ინდუსტრიული სიმძლავრის შემდგომი ზრდა. შეიქმნა მრეწველობის ახალი დარგები. ყრილობამ მიიღო ვრცელი დადგენილება მეცხოველეობის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ. მოხსენებაში საკონსტიტუციო საკითხებზე მითითებული იყო 1924 წლის კონსტიტუციაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის აუცილებლობა. 1935 წლის 1 თებერვალს გამართულმა საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პლენუმმა გამოთქვა მოსაზრება საარჩევნო სისტემის შემდგომი დემოკრატიზაციის, სსრკ-ში კლასობრივი ძალების მდგომარეობასთან კონსტისტუციის შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ყრილობის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის შემდგომი დემოკრატიზაციის შესახებ. ყრილობამ დაავალა სსრკ ცაკს აერჩიათ საკონსტიტუციო კომისია.

ყრილობამ აირჩია სსრკ-ის ცაკი. კავშირების საბჭოში შევიდა 607 წევრი, ეროვნებათა საბჭოში — 150 წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]